26 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის მოთხოვნას აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები აფასებენ

მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მოთხოვნას ამერიკის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები აფასებენ. მაიკ პენსი ითხოვდა, რომ ევროპელებს მიეტოვებინათ ირანის ბირთვული შეთანხმება და მხარი დაეჭირათ ვაშინგტონისთვის ირანზე ზეწოლაში.

სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა „კურიერთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტის ასეთ მიდგომას ევროპელებთან ვერ ხსნის. მისი განცხადებით, მით უმეტეს, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ ევროპა ირანის საკითხზე აზრის შეცვლას აპირებდა.

„ვიცე-პრეზიდენტმა მიუნხენში მტკიცე განცხადება გააკეთა. ევროპელებმა კი საკმაოდ სწრაფად უთხრეს, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ. მე არ ვიცი, რატომ მიუდგა ასე ვიცეპრეზიდენტი. რადგანაც, არ დამინახავს იმის მტკიცებულება, რომ ევროპელები შეხედულების შეცვლას აპირებდნენ. აქ საქმე გვაქვს შეერთებული შტატების და ევროპის პოლიტიკის უთანხმოებასთან, ირანთან დაკავშირებული ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის შესახებ. ირანის თაობაზე პოლიტიკის სხვა ბევრ საკითხში ვთანხმდებით და ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ამ შეთანხმებებს გავამყარებთ,“- განაცხადა დენიელ ფრიდმა.

ევროპელები ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ირანის ბირთვული შეთანხმების მიტოვებასა და სანქციების დაწესებაზე არ ეთანხმებიან. ისინი ქმნიან საგადასახადო მექანიზმს, რომელმაც ევროპულ კომპანიებს ირანთან ჰუმანიტარული სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელების საშუალება უნდა მისცეს.

ის სანქციების ქვეშ არ ხვდება. თუმცა ის აღქმული იქნა, როგორც მომავალში ევროპული კომპანიებისთვის მეორადი ამერიკული სანქციებისგან თავის დაღწევის პოტენციური საშუალება.

ამ პროცესს ვაშინგტონის ინტერესებისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს ამერიკის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ჯეკ ლიუ, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში მსახურობდა. "ფორინ ეფეარსში" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ის ირანის შეთანხმებაზეც საუბრობდა.

ჯეკ ლიუ ირანის შეთანხმებიდან გასვლას და თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. 

ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში კიდევ ერთი დაძაბულობა, დაახლოებით, 2 კვირის წინ გაჩნდა, როდესაც გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ფინანსური სისტემა "ინსტექსის" შექმნის შესახებ გამოაცხადეს. ის ევროპულ კომპანიებს დაეხმარება, ირანთან ჰუმანიტარულ ვაჭრობაზე ტრანზაქციები განაგრძონ.

 

დღის ამბები