26 აპრილი 2024,   23:56
ვრცლად
ხელისუფლების თავგასულობა, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს - ენმ თიბისი ბანკზე საუბრობს

თიბისის ბანკთან დაკავშირებით კონფლიქტი ამოწურულია - თვლიან უმრავლესობაში, თუმცა ამის მიუხედავად კანონმდებლები ორივე მხარის წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას საჭიროდ თვლიან. შეხვედრა სამშაბათისთვის არის დაგეგმილი. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მიმდინარე პროცესებში არ ერევა. 

"თიბისი ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივი მუშაობით სამართლებრივ საფუძველზე ობიექტურად უნდ უნდა ამოწურონ ეს პრობლემები. მე ვფიქრობ რომ ეს არის ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. მე ვფიქრობ რომ დიდწილად ეს პრობლემა მოგვარებულია, კონფლიქტი თუ შეიძლება ასე ითქვას ამოწურულია,"-აცხადებს ირაკლი კოვზანაძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით ხელისუფლება საკუთარი დანაშაულიდან ტავის არიდებას ცდილობს. 

"ყველა განცხადება, რაც კეთდება თიბისი ბანკთან დაკავშირებით, ეს იქნება ეროვნული ბანკის მხრიდან, თუ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ, ეს არის მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისაგან პასუხისმგებლობის თავის არიდება. ეს არის ხელისუფლების თავგასულობა, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს და ქვეყნის განვითარებას თუნდაც იგივე ანაკლის პროექტის სახით. მეორე საკბილო იქნება ანაკლიის პორტი და შეიძლება ანაკლიის პორტი აღმოჩნდეს ის დიდი ლუკმა, რომელზეც ვიღაცეები წაიხრჩობენ თავს,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ თიბისი ბანკის საქმეს ქვეყნის განვითარებაზე გრძელვადიანი ეფექტი ექნება. 

"თიბისი ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებს ექნება სამწუხაროდ ძალიან გრძელვადიანი და ღრმა ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე როგორც მინიმუმ, თუ საერთო განცდა იქნება, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ დაამტკიცებ, სასამართლო არ არსებობს და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მთავრობას, ეროვნულ ბანკს შეუძლია ნებისმიერ მომენტში ხელი გადაუგრიხოს ნებისმიერ ადამიანს,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები