27 აპრილი 2024,   02:09
ვრცლად
არეულობა ვენესუელაში - მადუროს რეჟიმმა ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთი არ შეუშვა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი საერთაშირისო საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. ბოლო 24 საათი ვენესუელელი ხალხისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ჰუმანიტარული ტვირთის კოლონები მადუროს რეჟიმმა ქვეყანაში არ შეუშვა და საზღვართან შეკრებილ ხალხს სამხედროები დაუპირისპირა. დახმარებას საზღვართან ათი ათასობით ადამიანი ელოდებოდა და ჯარისკაცებს კოლონის გატარებას სთხოვდა, თუმცა
მადუროს ბრძანებით სამხედროებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. ვრცელდება ინფორმაცია რომ ძალოვანებმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გარდა, ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. მონაცემები მსხვერპლის შესახებ გამუდმებით იცვლება ამ დროისთვის ცნობილია, რომ შეტაკებების შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 300-ს აღწევს.

სამხედროებს ძალადობის შეჩერებისკენ ოპოზიციის ლიდერმა და ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა საზღვრიდანვე მოუწოდა. ხუან გუაიდო ჰუმანიტარულ კოლონას პირადად უძღვებოდა და ჯარისკაცებს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ისინი დანაშაულებრივი რეჟიმის ბრძანებებს ემორჩილებიან. ოპოზიციის ლიდერმა სამხედროებს ხალხის მხარეს გადასვლა სთხოვა და ამნისტიას დაჰპირდა.

ჯარისკაცების ნაწილმა ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვა და პოსტები მიატოვა. ისინი კოლუმბიის საზღვარზე გადავიდნენ და ოპოზიციის მომხრეებთან ერთად კოლონას გამოჰყვნენ.

დღის ამბები