26 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
მათი სახით ჩვენ შეიძლება მივიღოთ კარგი ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია - სესიაშვილი გუნდიდან წასულებზე

„ეს ჩემთვისაც და კოლეგებისთვისაც ძალიან დიდი დანაკარგია, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვხედავ პოზიტივსაც, რომ მათი სახით ჩვენ შეიძლება, მივიღოთ კარგი ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია,“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი სესიაშვილი რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი გუნდის დატოვებას.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ. სესიაშვილი ამ პროცესს ნორმალურს უწოდებს.

„ჩვენმა უმრავლესობის წევრებმა ჩათვალეს, რომ მათ თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გამოამჟღავნონ უმრავლესობის დატოვებით. ეს ჩვეულებრივი ამბავია და მით უმეტეს, ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ უმრავლესობის ფარგლებში გუნდის შიგნით ვაგრძელებთ დისკუსიებს და გვაქვს განსხვავებული აზრები და პოზიციები. ესეც ბუნებრივია. ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაყოფა ამით დასრულდა,“- განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის არიან ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე.

პირველი პოლიტიკური დუელი „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცნობილი ხდება, რომ კანდიდატურის დაყენებას მთაწმინდაზე მმართველი გუნდი და გუნდიდან დემარშით წასულებიც გეგმავენ.

წასულების ადგილის შევსებას მმართველი გუნდის ლიდერები ახალი სახეებით ცდილობენ. არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას მისივე თანაგუნდელების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები