26 აპრილი 2024,   23:06
ვრცლად
ელიავაზე შესაძლოა მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცე მოეწყოს - ბაზრობის მეწილეები თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ

ელიავაზე შესაძლოა მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცე მოეწყოს - ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარე დაპირისპირების პარალელურად, ბაზრობის ტერიტორიის მფლობელთა ნაწილი კონფერენციებს მართავს და საზოგადოებას საკუთარ ხედვას აცნობს.

ელიავას ბაზრობის ტერიტორიების მესაკუთრეები ამბობენ, რომ მერიაში მათ რამდენიმე პროექტი წარადგინეს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„მერიის სამსახურებთან გვქონდა კომუნიკაცია, დღესაც არსებობს კომუნიკაცია. ჩვენი ტერიტორიის მიხედვით ვესაუბრებით მერიის შესაბამისს სამსახურებს. თუ გადაწყდება ერთიანი პროექტი გაკეთდეს ყველა ტერიტორიის მფლობელებიდან, ეგ გადაწყვეტილება როგორც მიიღება, იმის მიხედვით დავიგეგმებით და განვვითარდებით,“ - ამბობს სერგი რუხაძე.

ბიზნეს ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა ჩუბინიძე განმარტავს, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე სამომავლოდ მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცის მოწყობა იგეგმება.

„ჩვენი შეთავაზება არის ამ ტერიტორიაზე აბსოლუტურად განსხვავებული, თანამედროვე, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცის მოწყობა, რომელიც არ დააზარალებს არც აქ დასაქმებული ადამიანის უფლებებს, ანუ ისინი შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები,“ - განაცხადა თეა ჩუბინიძემ.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა ხანგრძლივი დებატების შემდეგ დღეს დასრულებულად გამოცხადდა და საკრებულოს განსახილველად გადაეგზავნა.

თუმცა, აღნიშნულ პროექტში ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ფუნქცია ჯერ კიდევ ერ არის გაწერილი. თბილისის მერი ამბობს, რომ კონსულტაციები გრძელდება. მისი მოადგილე, მაია ბითაძე კი აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონასთან ერთად საწარმოო ზონა განვითარდება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები