27 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
დაპირისპირება მმართველ გუნდში - "ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს, ეკა ბესელია კი ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბრობს 

დეპუტატმა ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს წითელი ბარათი უჩვენა და გააფრთხილა, რომ თუ მასზე შეტევა გაგრძელდება, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურას სათავეში ჩაუდგება. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ მისი ყოფილი გუნდი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აიძულებს.

ეკა ბესელია ფრაქციის შესაქმნელად საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს იკრებს. ბესელიას გუნდის ახალი სახელი, სავარაუდოდ, „სამართლიანი საქართველო“ იქნება.

ახალ სახეებს „ქართული ოცნებაც“ ეძებს. დემარშით წასული დეპუტატების შემცვლელებისთვის კარი უკვე გააღეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წევრობის სურვილი ახალგაზრდა, მომავალი თაობის პოლიტიკოსებს გაუჩნდებათ.

თალაკვაძის ეს განცხადება ე.წ. ძველი გვარდიელების მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა. დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს უთხრა, რომ პოლიტიკური პარტია პანსიონი არ არის, რომ ერთი ნაკადი გაუშვა და ახალი ნაკადი მიიღო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციას კი აპრილში შედგება. მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში ერთვება ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ ახალი სახეებით და დემარშით წასულები.

მმართველ გუნდში გადალაგება ისევ გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობას სავარაუდოდ, სრულად გამოეყოფა ფრაქცია „სოციალ-დემოკრატები“. მისი თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური გაყრა დასრულებულია და ტექნიკურად გამოყოფის საკითხი უკვე დროის საკითხია.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულები ახალ ფრაქციებში გადანაწილდებიან. უკვე დადასტურებულია, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ეკა ბესელიას ფრაქციაში გაწევრიანდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები