27 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
საპატრულო პოლიციის ექს შეფის დამალული ქონება - "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, კუპატაძე სწორედ საეჭვო შემოსავლების გამო დააქვეითეს

საპატრულო პოლიციის ექს შეფის დამალული ქონება - თემურ კუპატაძის ორსართულიანი სახლი მცხეთის ფეშენებელურ უბანში არც მის დეკლარაციაში წერია და არც რეესტრშია რეგისტრირებული.

შს მინისტრმა თეიმურაზ კუპატაძე თანამდებობიდან მოხსნა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დააქვეითა. კურიერის წყაროს ინფორმაციით, გიორგი გახარიას განაწყენების მიზეზი კუპატაძის დამალული და დეკლარაციის მიღმა არსებული ქონება გახდა.

წყარო კურიერის უყვება, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა მცხეთაში, მტკვრის პირას, მდებარე სახლში 300 ათასი დოლარი გადაიხადა, თუმცა, ეს არც დეკლარაციაში ასახა და აპარტამენტები ოფიციალურად არც მის სახელზე გადაუფორმებია.

წყაროს ინფორმაციით, ეს სვლა კუპატაძეს არალეგალური შემოსავლის დასამალად დასჭირდა, რადგან სახლი მტკვრის პირას მან საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშნვის შემდეგ იყიდა.

ახალაშენებული სახლი კოტეჯის ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში, მცხეთის ცენტრში მდებარეობს. ელიტარული უბანი სვეტიცხოვლიდან ზუსტად 500 მეტრითაა დაშორებული. აქვს საკუთარი დაცვის სისტემა, ღია აუზი, კაფე-ბარი და ფიტნესცენტრი. ქალაქიდან იზოლირებულ ფეშენებელურ დასახლებაში მდებარე ორსართულიანი კოტეჯი 400 კვადრატული მეტრია. აქვს 3 ვერანდა ხედებით - სვეტიცხოველის, ჯვრისა და დედათა მონასტრების მიმართულებით.

სახლთან ორდღიანი ლოდინის შემდეგ თემურ კუპატაძემ კურიერის კითხვებს უპასუხა.

პატრულის ექს შეფი ამტკიცებს, რომ უსახლკაროა და მეგობარმა ძვირადღირებული აპარტამენტები, რომელიც თვეში, მინიმუმ, 8 ათას ლარად ქირავდება, განუსაზღვრელი ვადით ათხოვა.

თეიმურაზ კუპატაძის ბოლო წლებში შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2015 წლამდე თბილისში 2 ბინას ფლობდა, თუმცა, გაყიდა და ჯამში, კუპატაძემ 108 ათასი დოლარი დააგროვა.

108 დოლარიდან კრედიტის დასაფარად მან 28 ათასი დოლარი გამოიყენა, ანგარიშზე კი 35 ათასი დოლარს ინახავს. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დანარჩენი თანხა მან სწორედ სახლის შესაძენად გამოიყენა, თუმცა, ფეშენებელური აპარტამენტების შესაძენის ფაქტი დამალა.

ბოლო 2 წლის განმავლობაში შევსებულ დეკლარაციებში კუპატაძე წერს, რომ უსახლკაროა. კურიერთან საუბარში ამბობს, რომ ბინის გაყიდვის შემდეგ ქირით საკუთარ დედასთან ცხოვრობდა.

საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე ერთ წელზე მეტხანს მუშაობდა. ყოველთვიურად ის ანაზღაურების სახით 7 ათას ლარზე მეტს იღებდა, რაც 85 ათას ლარამდეა.

კურიერის ინფორმაციით, კუპატაძეს სახლის შეძენაში ბიზნესმენი სიმამრი - ავთანდილ ტაბუცაძე, დაეხმარა, რომელიც კუპატაძის საპატრულო პოლიციაში მუშაობის პერიოდში შს სამინსიტროს ფორმებს უკერავდა და სოლიდურ შემოსავალს იღებდა.

სახლი, სადაც თეიმურაზ კუპატაძე ცხოვრობს, კომპანია რივერსაიდ მცხეთას ეკუთვნის და ბანკში იპოტეკით არის დატვირთული. გამოდის, რომ კომპანია, რომელსაც ბანკიდან მშენებლობისთვის სესხი აქვს გამოტანილი, აპარტამენტების რეალიზაციით ან გაქირავებით შემოსავალს არ იღებს, კრედიტს საკუთარი სახსრებით ფარავს და ბინას საპატრულო პოლიციის ექს შეფს უსასყიდლოდ აძლევს.

კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ საზღვრის დაცვის პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი მათი ოჯახის ახლობელია და სახლიც სარგებლობაში განუსაზღვრელი დროით ამიტომ მისცეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ამბობენ, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი კორუფციის შესახებ კანონს არღვევს.

ქონების დამალვა კანონმდებლობით საგადასახადო სამართალდარღვევა, რომელიც სხვადასხვა სახის სანქციას ითვალისწინებს. ოპოზიცია სახელმწიფო უწყებებს თეიმურაზ კუპატაძის ქონების შესწავლისკენ მოუწოდებს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები