27 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
"უსაფუძვლო პოპულისტური განცხადებები ეროვნული ბანკის მისამართით" - ბახტაძე TBC ბანკის საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, TBC ბანკის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი გამართული ინსტიტუტია და მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული. ბახტაძე თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიმართ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებები პოპულისტური ხასიათისაა.

პრემიერი ფიქრობს, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

როგორ ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სრულიად უმიზეზოდ, კონკრეტულმა პირებმა TBC ბანკის საკითხი ანაკლიის პორტის პროექტს დააკავშირეს.

"სრულიად უსაფუძვლო პოპულისტური განცხადებები ეროვნული ბანკის მისამართით და აქაც სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული, რომელმაც აჩვენა, რომ ის ყოველთვის მოქმედებს მაღალი ეთიკური ნორმებით და ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება. ეს გახლავთ შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გახლავთ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმატება და მოხერხდა საინვესტიციო რეიტინგის ზრდა. დანარჩენი ყველაფერი გახლავთ პოლიტიკური სპეკულაცია, მარეგულირებლის გამართული მუშაობა არის ძალიან თვალსაჩინო.

"ბანკმა თავისი საქმიანობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ზედამხედველობის ნაწილში, რომელიც როგორც ჩვენ მოვისმინეთ იყო შესაბამისი ძლიერი არგუმენტებით გამყარებული. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დადებითი მიდგომა, რომ ეროვნულმა ბანკმა და TBC ბანკმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. სამწუხარო იყო ჩვენთვის იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ ეს საკითხი დააბრუნონ უპასუხისმგებლო საინფორმაციიო პოლიტიკურ ველში, რომ მოსახლეობამდე დამახინჯებული გზით მიიტანონ ეს ინფორმაცია, ხდება არასწორი აქცენტების დასმა და ვიხილეთ, რომ აქვთ მცდელობა რომ ანაკლიის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს.

"ეს არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა, რომ აქცენტის გადატანა ხდება ქვეყნისთვის ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტზე. მსურს დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი მთავრობისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ხელისუფლება უფრთხილდება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში ერთ სამუშაო ადგილს მაინც ქმნის. 

დღის ამბები