05 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
კირკიტაძის სასამართლო პროცესი - გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც ერთ საათში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ბრალდებული დავით კირკიტაძე ჯერ სასამართლოში არ მიუყვანიათ, ადგილზე არ იმყოფება არც დაცვის და არც ბრალდების მხარე.

ცოტა ხნის წინ სასამართლოში მოსამართლე, ნუნუ ნემსიწვერიძე მივიდა. დაცვის მხარე კირკიტაძის თავდებით გათავისუფლებას ითხოვს.  

„კურიერის“ ინფორმაციით, დღეს დავით კირკიტაძის ადვოკატი აპირებს სასამართლოში წარმოადგინოს ყველა ის პირი, რომლებიც მზად არიან დავით კირკიტაძეს თავდებში ჩაუდგნენ.

წინა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ, იმ პირების ხელმოწერები წარმოადგინა, რომლებიც მზად იყვნენ კირკიტაძეს თავდებში დადგომოდნენ. თუმცა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ წერილობითი თანხმობა საკმარისად არ მიიჩნია და განმარტა,  რომ თავდები პირები არ იმყოფებოდნენ ადგილზე და ისინი კირკიტაძის გათავისუფლების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ. სწორედ ამიტომ, დღეს თავდებებს დაცვის მხარე ადგილზე მიიყვანს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, არსებობს 15 ათასი პირის ხელმოწერა რომლებიც მზად არიან დავით კირკიტაძეს თავდებში ჩაუდგნენ და ასევე თავდებობაზე თანახმაა პარლამენტის 27 დეპუტატი. დაცვის მხარე ათასობით თავმდები პირის სასამართლოში მიყვანას გეგმავს. 

დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები