03 მაისი 2024,   02:51
ვრცლად
რვა მილიონის მაგივრად 10 ათასად შეძენილი ქონება - დედაქალაქის შუაგულში გასხვისებული 2 ათასი კვადრატული მეტრი

ორთვიანი შუალედით ჩატარებული აუქციონი და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიზერულ ფასად გასხვისებული 2 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია - ელენე ახვლედიანის 22 ნომერში ტერიტორიის გასხვისებაზე ქონების მართვის სააგენტომ ოთხი თვის შუალედით, ორი აუქციონი ჩაატარა.

პირველი აუქციონის შემდეგ, თანხა მაქსიმალურ ნიშნულამდე, 8 მილიონამდე ავიდა და გამარჯვებულად კომპანია „ბეტა ჯგუფი" გამოცხადდა, თუმცა ირკვევა, რომ კომპანიამ რომლის დამფუძნებლებსაც ივანიშვილის ხეების გადამტან კომპანიასთან მჭიდრო კავშირი აქვს, შენობაში არა რვა მილიონი, არამედ 10 ათასი გადაიხადა. 

შედეგად, „ბეტა ჯგუფმა" ქონების შესყიდვაში 8 მილიონი აღარ გადაიხადა. 10 ათასად შეძენილ ტერიტორიაში კი იგივე საინვესტიციო ვალდებულებები დარჩა, რომელიც 8 მილიონის გადახდის შემთხვევაშიც უნდა შესრულებულიყო. ეს იყო 6 მილიონის დახარჯვა სასტუმროს ასაშენებლად და 2 მილიონზე მეტი სამედიცინო უნივერსიტეტის კორპუსისთვის ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ქალაქის ცენტრში 2000 კვადრატულ ტერიტორიას შენობა ნაგებობით 10 000-ად ვერავინ მიიღებს, რომ არა კავშირები ხელისუფლებასთან.

ირკვევა, რომ საქმეში ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული კომპანია „ანაგი“ ფიგურირებს. „ბეტა ჯგუფში" 30%-იანი წილი აქვს ნანა აროშიძეს, რომლის მეუღლეც კომპანია „ანაგს“ ფლობს.

ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისებისას მიღებული მაღალი შემოსავალი სახელმწიფოს ერთადერთი ინტერესი არ არის. ამ შემთხვევაში კი სააგენტო დარწმუნებულია, რომ აღებულ ვალდებულებების შესრულების შედეგად, უწყების მიზანი გამართლდება.

 

დღის ამბები