16 ივნისი 2019,   01:43
ვრცლად
მილიონი ხელმოწერის კამპანია - 20 ოპოზიციური პარტიის იდეას არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა მხარი დაუჭირეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა საკუთარი ხელმოწერით, დღეს ღიად დაუჭირეს მხარი მილიონი ხელმოწერის კამპანიას. კამპანიას 20 ოპოზიციური პარტია მართავს. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა აუცილებელია. ხელისუფლების მცდელობა კი შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო მოდელი, არის ძალაუფლების გახანგრძლივების მცდელობა.

ერთი იდეის გარშემო განსხვავებული მოსაზრებების მქონე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებენ ექსპერტებიც. მათი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.

სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს ოპოზიცია. საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პარლამენტში პროცედურების დასაწყებად აუცილებელ 200 ათას ხელმოწერას, უახლოეს დღეებში შეაგროვებენ, თუმცა ეეჭვებათ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს დათანხმდეს.

პოლიტიკოსების აზრით, მხოლოდ ერთიანი ძალით არის შესაძლებელი, აიძულონ მმართველი გუნდი დათმობებზე წავიდეს.

ის, რომ 2020 წლისთვის ქვეყანაში არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება, კიდევ ერთხელ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“ და ამაში ოპოზიციას ადანაშაულებენ.

იმისათვის, რომ პარლამენტმა ამ ინიციატივის განხილვა დაიწყოს, უახლოეს დღეებში ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სულ მცირე 200 ათას ხელმოწერას წარადგენს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

 

 

დღის ამბები