27 ივნისი 2019,   09:10
ვრცლად
"არა ოკუპაციას" - ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ქართველმა ემიგრანტებმა აქციები გამართეს

"არა ოკუპაციას" - ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართველმა ემიგრანტებმა რუსეთის საელჩოებთან ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ადამიანის გატაცების გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს. მთავარი, რასაც ემიგრანტები ამბობენ, არის ის, რომ ხელისუფლება დღეს არ აქტიურობს და მოქალაქეებს სხვა გზა აღარ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ საკუთარი ძალებით მიაწვდინონ ხმა საერთაშორისო თანამეგობრობას.

ევროპის რამდენიმე ქალაქში, რუსეთის საელჩოებთან აქცია მოძრაობა „ერთად სახლშის“ ინიციატივით გაიმართა. 

„ქართველი ემიგრანტები, მოძრაობა ერთად სახლშიდან, ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას. ვინაიდან, ხმას არ იღებს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ გვინდა ჩვენ ამოვიღოთ ხმა და ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველას. არ უნდა გადმოდიოდნენ ასე თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე და არ უნდა იტაცებდნენ და წამებით კლავდნენ ჩვენ მოქალაქეებს,“ - ამბობს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.

ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო შინაარსის ბანერები მიიტანეს იტალიაში რუსეთის საელჩოს შენობასთანაც და ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია, ადამიანების მკვლელობა და გატაცების გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს.

საპროტესტო აქცია გაიმართა ბერლინშიც, სადაც ქართველ ემიგრანტებს უკრაინელებიც შეუერთდნენ, ვისი სამშობლო ნაწილი ასევე მიტაცებული აქვს ოკუპანტ ქვეყანას. აქაც შეკრების ორგანიზატორი მოძრაობა ერთად სახლში იყო, საპროტესტო აქციის ადგილი კი რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია.

„ბერლინში, რუსეთის საელჩოს წინ, ჩვენ დღეს გავავლეთ მავთულხლართები, მოვიტანეთ ძალიან ბევრი ქართული დროშა, მოვიდა ძალიან ბევრი ქართველი თანამემამულე, შემოგვიერთდნენ უკრაინელები, პოლონელებიც და ჩვენ აქ ვიმღერეთ საქართველოს ჰიმნი,“ - აცხადებს ემიგრანტების მოძრაობის ”ერთად სახლში” დამფუძნებელი, გიორგი სიგუა.

ემიგრანტების მსვლელობა და საპროტესტო აქცია გაიმართა სალონიკშიც, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა კიდევ ერთხელ დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის გახშირებული შემთხვევები და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია.

 

დღის ამბები