26 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
ზურაბ აბდუშელიშვილს აქვს ძალიან კარგი ცნობადობა უზბეკეთში, თვითონაც კარგად იცნობს რეგიონს - დავით ზალკალიანი

უზბეკეთში საქართველოს ელჩად ზურაბ აბდუშელიშვილის დანიშვნას საგარეო საქმეთა მინისტრი პოზიტიურად აფასებს. დავით ზალკალიანის თქმით, აბდუშელიშვილი საკმაოდ კარგად იცნობს ამ ქვეყნის სპეციფიკას.

მინისტრი განმარტავს, რომ დიპლომატად ბიზნესმენის დანიშვნა გავრცელებული პრაქტიკაა.

ზალკალიანის თქმით, უზბეკეთში საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აბდუშელიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა გამართლებულია.

„დიპლომატიურ სამსახურში ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ჩვენ ხან ვიყენებთ კარიერული დიპლომატების დანიშვნის პროცედურას, ხან შესაძლოა, იყოს პოლიტიკური დანიშვნა ან იყოს წარმატებული ბიზნესის წარმომადგენელი. სწორედ ამ კუთხით განვიხილავთ ჩვენ უზბეკეთთან ურთიერთობას. იქ არის ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს უზბეკ პარტნიორებთან. მას აქვს ძალიან კარგი ცნობადობა უზბეკეთში, თვითონაც კარგად იცნობს რეგიონს და სწორედ ეს იყო ის კრიტერიუმები, რის გამოც მოხდა მისი შერჩევა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზურაბ აბდუშელიშვილის სახელი არაერთ გახმაურებულ სკანდალს უკავშირდება. სწორედ აბდუშელიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც მთავრობის სახელით ზაზა ოქუაშვილის მოსყიდვას და მრავალმილიონიანი კონტრაქტებით მის გაჩუმებას ცდილობდა.

დღის ამბები