27 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
"ეს ფული უკვე თქვენია და უფრო დაცული, ვიდრე ნებისმიერი თქვენი სხვა საკუთრება" - საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოქალაქეებს მიმართავს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოქალაქეებს არწმუნებს, რომ თანხა, რომელიც მათ ყოველთვიურად პენსიის დასაგროვებლად ეჭრებათ, არ დაეკარგებათ.

ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ მოქალაქეების სკეპტიციზმი გამოწვეულია არაინფორმირებულობით.

მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია, დამკვიდრებულია.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, თანხას, რომელსაც მოქალაქეები აგროვებენ, ვერ შეეხება ვერავინ, მათ შორის, სასამართლოც.

„ეს ფონდი არის დაგროვებითი საპენსიო ფონდი. ანუ, თქვენ, პრაქტიკულად, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გერიცხებათ თანხა. ეს ფული უკვე თქვენია, თქვენი პირადი და ხელშეუხებელი და უპირობო საკუთრებაა და დაცულია უფრო მეტად, ვიდრე  თქვენი ნებისმიერი სხვა საკუთრება, ისეთი, როგორიც არის სახლი, მანქანა, გნებავთ ფული ბანკში იმიტომ, რომ ამ თქვენს აქტივებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმი. ვისი ვალიც არ უნდა გქონდეთ თქვენ, ამ თქვენს დანაზოგს ვერავინ შეეხება, მათ შორის, სასამართლოც,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მისივე თქმით, საპენსიო თანხა გროვდება ერთიან ფონდში, რომელსაც განკარგავს სააგენტოში შექმნილი საინვესტიციო საბჭო. ასევე შექმნილია რისკების კონტროლის სტრუქტურა, რომელის ყველა ტრანზაქციას გააკონტროლებს.

ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ ფონდის გაკოტრება გამორიცხულია. მისივე თქმით, საინვესტიციო საბჭოში კვალიფიციური კადრები იმუშავებენ, რომლებიც რისკებს ყოველდღიურად გააკონტროლებენ.

რაც შეეხება მოქალაქეების განცხადებას, რომ სურვილის შემთხვევაში, ისინი დანაზოგს თავად გააკეთებდნენ, ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხით მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს ნახავს, ვიდრე ბანკში გაკეთებული დანაზოგით.

საპენსიო რეფორმა ძალაში სამი თვის წინ შევიდა და ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 115 მილიონი ლარია დაგროვილი.   

დღის ამბები