03 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
"ვეთანხმები ომბუდსმენის დასკვნას, პირობას ვდებ, რომ ცოცხალი ვიქნები თუ არა, კალანდია მაინც მიეცემა პასუხისგებაში" - ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება. საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელშიც გახმაურებულ საქმეებზეა საუბარია. ანგარიშში მოხვდა ხორავას ქუჩის მკვლელობა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეც.

ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ომბუდსმენის ანგარიშზე რეაგირებას არ მოახდენს. მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ასე მოხდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც.

„აბსოლუტურად ვეთანხმები სახალხო დამცველის ამ დასკვნას. მაგრამ ფაქტია, რომ არ გაითვალისწინებენ არც ამ დასკვნას იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო კომისიამ საკმარისზე მეტად გამოამჟღავნა ის დარღვევები,. რა დარღვევებიც მიმდინარეობდა გამოძიების ეტაპზე და ვის აფარებდა ხელს პროკურატურა და რატომ ცდილობდა ამ საქმის გაყალბებას. ერთადერთ მაგალითს მოგიყვანთ დღევანდელი საქმის მასალების გაცნობიდან. არ არის ჩხრეკა ჩატარებული მიხეილ კალანდიას სახლში სადაც იმალებოდა გ.ჯ და არ არის იმ სახლშიც ჩატარებული ჩხრეკა სადაც შემდეგ გადაიმალნენ. ეს ერთადერთო ფაქტი საკმარისია იმისთვის რომ მთელი გამოძიება ფაქტიურად არ არის ჩატარებული სრულყოფილად. შეგნებულად, ეს არის პირდაპირ, პროკურატურის დავალებით, რომ არ უნდა გაჩხრეკილიყო მიხეილ კალანდიას სახლი. სადაც იმალებოდა მკვლელი, დღეს უკვე  ბრალდებული გ.ჯ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დავით სარალიძის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს მისი შვილის მკვლელს ხელი დააფაროს და დანაშაული სხვა პირს დააბრალოს.

„მაქსიმალურად მიიყვანს პროკურატურა იქამდე რომ შეტენონ გ.ბ.-ს ჩემი შვილის მკვლელობა და მიხეილ კალანდია გამოიყვანონ  მამა აბრამის ბატკანი. სარალიძე გიჟია ამათი აზრით? ვაი, ამათ პატრონს. გონს მოეგონ! ვაფრთხილებ მე ამათ. თუ არა და კონკრეტულ ნაბიჯებს მართლა ელოდონ სარალიძისგან. მე ცოცხალი ვიქნები თუ არა კალანდია მაინც მიეცემა პასუხისგებაში. ამის პირობას მე ვდებ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ

ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქმეზე არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება და დღემდე ვერ მოხერხდა იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ძიების საწყის ეტაპზე იქნა დაშვებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები