03 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
„დირსის“ დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს

დირსის“ დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მათ პრეტენზიები აქვთ "დირსის" ადმინისტრაციასთან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე არ იყვნენ საქმის კურსში, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინების გადაცემა დევნილებისთვის იგეგმებოდა.

დირსის“ კომპლექსის ტერიტორიაზე 3 კორპუსში კვლავ რჩება 300-მდე დევნილი. ისინი მესამე დღეა, რაც „დირსის“ ბინებში იმყოფებიან და ჯანდაცვის სამინისტროსგან ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

„ჩვენც არ გვინდა სხვის ბინებში შესვლა და ყაჩაღივით ამდენი მილიციონერები რომ დგანან, საჩხუბრად და საომრად კი არ მოვედით. უკვე აგვევსო მოთმინების ფიალა. მოვიდეს გიორგაძე თუგინდ სერგეენკო და გვითხრას, ამ წლამდე არ იქნება ხალხო და დაიშალეთ, დავიშლებით,“ - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

დევნილების თქმით, დაპირების მიუხედავად, მათი ბინებით უზრუნველყოფა ამ დრომდე არ მომხდარა. ისინი დევნილების დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხის გამოყოფას ითხოვენ.

„27 წელია, ჩვენს იმას თავი ვერ დაადგეს, რატომ? ვერავინ, რატომ? ვის ვაინტერესებთ, რატომ ხდება ეს? გამოყოს სახელმწიფომ მეტი ბიუჯეტი, ახლა არის 36 ათასი ოჯახი დასაკმაყოფილებელი. შენ წელიწადში 200-400 ადამიანს რომ აძლევ ბინას, რამდენი წელი მოუნდება,“ - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილების მოთხოვნებს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მურად აბლოთიამ უპასუხა. მისი თქმით, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილ დევნილებს დაკავებულ ფართებს არ დაუკანონებენ.

„ცალსახად, ის ადამიანები, ვინც დღეს იქ არიან შეჭრილები, იქ ვერ მიიღებენ ამ ბინებს. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, თუ ვინმე არის მათ შორის, მათზე შეიძლება დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, დანარჩენი ოჯახები დატოვებენ იქაურობას და ჩვეულებრივ განაწილდება ეს ბინები,“ - განაცხადა მურად აბლოთიამ.

დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში უკვე მესამე დღეა, რაც დევნილები იმყოფებიან. მათ ორ კორპუსში საცხოვრებელი ბინები დაიკავეს. ამ ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ კორპუსთან მისასვლელი ყველა მხრიდან სპეციალური ლენტით ჩაკეტა და ადგილზე არავის უშვებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები