06 მაისი 2024,   01:06
ვრცლად
თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება მთლიანად საფუძვლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების, განათების სისტემების გამოცვლა და მწვანე საფარის მოწყობა.

კახა კალაძის განცხადებით კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა არის გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

პროექტის ღირებულება 43 მილიონ ლარს შეადგენს.

„ვიწყებთ კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას ცენტრალური გზის, აეროპორტიდან თბილისისკენ, თბილისში შემოსასვლელი საერთოდ მთლიანად იქნება მოწესრიგებული. თქვენ იცით, რომ გასულ წელს ჩვენ სათადარიგო მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და დღეს ვიწყებთ უკვე ცენტრალური გზის მოწესრიგებას, სადაც მთლიანად გამოიცვლება საფუძველი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა დაახლოებით 360 ჭა, ასევე ბორდიურები, მთლიანად გამოიცვლება გამწვანება, მთლიანად შეიცვლება განათების ბოძები, თავისი ახალი ლედ განათებებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. დღეს არსებული ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა, არის კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ ძალიან მალე გვექნება რეაბილიტირებული, განახლებული კახეთის გზატკეცილი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები