07 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
დავანებოთ პურის ჭამას თავი და გადავიდეთ დიეტაზეო... დავკეტავთ, მეტი გამოსავალი არ არის - მცირე მეწარმეები ფქვილის ფასის ზრდაზე საუბრობენ

ხორბლის ფქვილის ფასის გაძვირების დაანონსებას მცირე მეწარმეები, მეპურეები ეხმაურებიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი პურის ფასს ან წონას შეამცირებენ, მომხმარებელი აღარ ეყოლებათ.

მცირე მეწარმეები არ გამორიცხავენ, რომ პურის საცხობების დახურვა მოუწიოთ. ისინი ხელისუფლებას გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდებენ.

„დავანებოთ პურის ჭამას თავი და გადავიდეთ დიეტაზეო. მე არ ვიცი, რა ფასში უნდა მიყიდო ამ ხალხს პური... იცი, რა უხარისხო ფქვილია? ნორმალური მაინც შემოჰქონდეთ, ფასებს, რომ ზრდიან და ზრდიან, ფქვილი მაინც იყოს ნორმალური, კუჭებს რომ გვატკენს.. დავკეტავთ, მეტი არაა გამოსავალი,“ - ამბობს მცირე მეწარმე.

პურ-პროდუქტებზე ფასის ზრდის განმაპირობებელ მიზეზებზე საუბრობს ხორბლის და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა. მისი თქმით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ბაზარი რუსეთზე არის სერიოზულად დამოკიდებული.

„საჭიროა, სერიოზული შეკრების ჩატარება, ეს იქნება აგრარული კომიტეტის სხდომის მოწვევა  თუ სხვა სამთავრობო უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად რაიმე დოკუმენტის დადება, რომ ვთქვათ, ასეთი კრიზისების დროს არ შეეტყოს ეს მოსახლეობას და პრობლემა არ შეიქმნას ამ სოციალური პროდუქტის მხრივ,“ - განაცხადა სილაგავამ.

ქვეყანაში შესაძლოა, პური კიდევ გაძვირდეს. ამ პროგნოზებს მკვლევარები აკეთებენ და პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასის მატებას უკავშირებენ.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ პურის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს სხვა პროდუქტების გაძვირებასაც. 

დღის ამბები