03 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დონალდ ტრამპს აკრიტიკებს  

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ისტორიული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გამო აკრიტიკებს.

ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა საჯარო მოხსენება მოამზადა და აღნიშნა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს.

იუკია ამანომ აღნიშნა, რომ სააგენტოს, როგორც ტექნიკურ ორგანიზაციას, პოლიტიკურ გარემოში უხდება მუშაობა.

„ახლა, დღევანდელი მონაცემებით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ირანი შეთანხმებას ასრულებს. რა იქნება მომავალში, წინასწარ თქმა რთულია. ჩვენ ირანელებთან ვმუშაობთ. როდესაც გარკვეული პრობლემებია, მათთან ვსაუბრობ. შეთანხმების შესრულება გულისხმობს იმ ადგილებზე წვდომასაც, რომლებიც გვჭირდება.“ - განაცხადა იუკია ამანომ.

ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხზე შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა და ევროკავშირმა ობამას ადმინისტრაციის დროს გააფორმეს და ის სანქციების ეტაპობრივად მოხსნას ითვალისწინებდა. სანაცვლოდ კი თეირანს ევალებოდა ბირთვული პროგრამა ისე შეემცირებინა, რომ მხოლოდ სამშვიდობო მიზანი ჰქონოდა.

„დაახლოებით 200 ქვეყნიდან, რომელიც ამ დარბაზშია წარმოდგენილი, მხოლოდ ისრაელი შეეწინააღმდეგა ღიად ირანთან ბირთვულ შეთანხმებას. შევეწინააღმდეგეთ, რადგან ის ჩვენს მომავალს უქმნის საფრთხეს და გზას უკვალავს ირანს ბირთვული არსენალისკენ. შევეწინააღმდეგეთ, რადგან ეს შეთანხმება ფუნდამენტურ ტყუილს ეფუძნებოდა, რომ ირანი თითქოს არ აპირებდა ბირთვული იარაღის განვითარებას,“ - აცხადებს  ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ვაშინგტონში შეხვედრები გამართა. იუკია ამანოს არ დაუკონკრეტებია, რაზე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ენერგეტიკის მინისტრ პერის და პრეზიდენტის მრჩეველს უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონთან.

„შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ ირანელები ამბობენ, რომ ვითარება რთულდება. არიან შეთანხმების მომხრეები და მოწინააღმდეგეები,“  -აღნიშნა იუკია ამანომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები