26 აპრილი 2024,   23:25
ვრცლად
არ ვიცი, ზურაბიშვილთან რომ მივიდე, მომილოცავს დამოუკიდებლობის დღეს თუ მომისამძიმრებს - უზენაესი საბჭოს დეპუტატების დემარში პრეზიდენტს 

უზენაესი საბჭოს დეპუტატები, რომლებმაც 9 აპრილს დაწყებული ბრძოლა 2 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიიყვანეს, სალომე ზურაბიშვილს დემარშს უცხადებენ და პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო მიღებაზე არ მივლენ.

ამგვარად ავლაბრის სასახლეში დაგეგმილი წვეულება დღევანდელი დღის მთავარი გმირების, იმ ადამიანების გარეშე ჩაივლის, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენას მოაწერეს ხელი.

როგორც უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები ამბობენ, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი ამართლებდა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობას და ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში იმეორებდა კრემლის რიტორიკას.

9 აპრილის მემორიალის შემდეგ უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა ეროვნული მოძრაობის ლიდერების, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას საფლავები მოინახულეს.

უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნემო ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო მკაცრად აკრიტიკებს.

„ზვიად გამსახურდია იყო სიმბოლო თავისუფლებისთვის ბრძოლის. პიროვნული არაფერი იყო. იმ იდეას ებრძვის დღესაც (სალომე ზურაბიშვილი), როდესაც მსოფლიო გვეუბნება, რომ მართლები ვართ 2008 წლის ომში და დაუჯერებელია, ვერ წარმომიდგენია ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარო ამბობდე და ადანაშაულებდე შენს ქვეყანას. გნებავთ იურიდიულად გაარჩიო, გნებავთ ქურდულად გაარჩიო ვერავინ ვერ გაიგებს, რატომ, როგორ დავიწყეთ ომი, მაგრამ ეს იცის სალომემ. მე არ ვიცი, რომ მივიდე რატომ უნდა მივიდე, მომილოცავს დამოუკიდებლობის დღეს თუ მომისამძიმრებს," - განაცხადა ნემო ბურჭულაძემ.

უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე კი "ქართული ოცნების“ ხელისუფლების ზვიად გამსახურდიას გზისკენ „შემობრუნებას“ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს.

უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ზურაბ ძოწენაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში არ მოუხდია.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები