28 აპრილი 2024,   22:46
ვრცლად
სიკვდილით დასჯილი თავისუფლება - 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა

სიკვდილით დასჯილი თავისუფლებისთვის მებრძოლები - ეს იყო ფასი, რომელიც ქართველმა ხალხმა 30 წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადაიხადა.

გადამწყვეტი ბრძოლა კი მშვიდობიანი მიტინგის ყველაზე სისხლიან დარბევამდე 5 დღით ადრე დაიწყო. სწორედ 4 აპრილს მთავრობის სახლის წინ პირველი საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას ითხოვდნენ, ვინც ცნობილ აფხაზთა კრებაზე მოსკოვს საქართველოდან გამოყოფის მოთხოვნით მიმართა.

რამდენიმე დღეში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები რეალურად კრემლის პროვოკაცია იყო და მთავარი მოთხოვნად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება დაასახელეს.

აქციას მალე მოჰყვა კრემლის რეაქცია. რუსთაველზე საბჭოთა ჯარები და რუსული ტანკები გამოჩნდა. 

სიტუაცია განსაკუთებით 8 აპრილს დაიძაბა. რუსთაველზე რუსული ჯავშანტექნიკა იყო განლაგებული. ცაში კი დაბალ სიმაღლზე სამხედრო ვერტმფრენებმა გადაიფრინეს, თუმცა, ამან  ხალხის შეშინების ნაცვლად, მოქალაქეების  მობილიზება  გამოიწვია.  რუსთაველზე  ხალხის ნაკადი მატულობდა. მიტინგზე ილია მეორე მივიდა და ერს უთხრა, რომ საშიშროებამდე წუთები დარჩა და ქაშუეთში გადასვლა შესთავაზა. თუმცა, აქციის არც ერთ მონაწილეს ტერიტორია არ დაუტოვებია.

დარბევა 9 აპრილს გამთენიისას, 4 საათზე, დაიწყო. ოპერაციას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა ტანკები, ხელკეტებითა და ნიჩბებით შეიარაღებული რუსული ჯარი ხალხის დასარბევად დაიძრა. რუსი ჯარისკაცები მესანგრის ნიჩბებს გამეტებით ურტყამდნენ ქალებსა და ბავშვებს. მომიტინგეებს ჯარისკაცებმა ყველა გასაქცევი გზა მოუჭრეს, ალყაში მოაქციეს და უმოწყალოდ სცემდნენ. გამოყენებული იყო მომწამვლელი ქიმიური გაზი.

დარბევას ღამეს 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომდევნო დღეებში დაღუპულთა რიცხვმა 21 მიაღწია, მათი უმეტესობა ქალი იყო, მათ შორის არასრულწლოვანებიც. 3500 ადამიანი ქიმიური გაზით მოიწამლა, ასობით დასახიჩრდა. ეს იყო ფასი, რომელიც თავისუფლებისთვის 30 წლის წინ რუსული ტანკების წინ შიშველი ხელებით მდგომმა 8000-მა ადამიანმა გადაიხადა.

ორი წლის შემდეგ, სიმბოლურად ამ დღეს, ზვიად გასმახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

დღის ამბები