27 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და მნიშვნელოვანი დღე ქვეყნისთვის - ადამიანები, რომელთა სიცოცხლე 30 წლის წინ შეწყდა 

ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ქვეყნისთვის - 21 ადამიანს შორის, ვისაც საბჭოთა არმია დაუნდობლად გაუსწორდა, 3 სკოლის მოსწავლე იყო. დაღუპულებს შორის ყველაზე უმცროსის - 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის, დედა იმ ბოლო წამებს იხსენებს, რომელიც 9 აპრილის სისხლიანი ღამის შემდეგ მის მეხსიერებას შემორჩა.

შვილის საძებნელად წასული ლეილა ბეჟანიშვილი რუსული არმიის მსხვერპლი თავადაც გახდა და მძიმედ დასახიჩრდა. დაღუპული გოგონას დედას 30 წლის შემდეგაც უჭირს იმის გახსენება, ნახა თუ არა იმ ღამით ცოცხალი შვილი. 

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეწირული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახი გაახსენდა ყველას, პრეზიდენტის გარდა. დღეს ლეილა ბეჟანიშვილი მიღებების სასახლეში არ მიუწვევიათ და მისი შვილის გვარიც პრეზიდენტმა შეცდომით წაიკითხა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 30 წლის შემდეგ სკოლის მოსწავლის მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე ხელისუფლებისთვის აქტუალურობას დაკარგავდა. 

9 აპრილს რუსული არმიის მიერ სასტიკად მოკლულებს შორის, ეკა ბეჟანიშვილის გარდა, კიდევ ორი არასრულწლოვანი იყო. 51-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ნათია ბაშალეიშვილი და თამარ ჭოველიძე.

გოგონები საპროტესტო აქციებზე ყოველ დღე დადიოდნენ. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებისთვის ღირებულებები იმდენად ძვირფასი იყო, რომ მათი შეჩერება არც უცდიათ.

ჭოველიძის მამა ამბობს, რომ მისთვის დრო 30 წლის წინ, უბრალოდ, გაჩერდა. თამარის ოთახში მისი პირადი ნივთები ხელუხლებელია, აქ ყველაფერი ზუსტად ისევ ისე დევს, როგორც საბედისწერო აქციაზე წასვლის წინ.

30 წლის წინ დაიღუპა 25 წლის ორსული ელისო ჭიპაშვილი. რუსი ჯარისკაცების ნიჩბებს ემსხვერპლა 28 წლის ჟურნალისტი თამარ დოლიძეც. ის საქართველოდან გამგზავრებას 8 აპრილს გეგმავდა, თუმცა, მანიფესტაციაში მონაწილეობისათვის ბილეთი გადაცვლა და თბილისში დარჩა.

22 წლის აზა ადამია 1889 წლის გაზაფხულზე გამოცდების ჩასაბარებლად მარტვილიდან თბილისში ჩამოვიდა, ამის შემდეგ დედას შვილი აღარ უნახავს. დედა ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 22 წლის გოგონას სხეული იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ მისი ცნობა გაუჭირდათ.

9 აპრილს დაღუპულებს პატივი დღეს გურიაშიც მიაგეს. რუსული არმიის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას მაშინ რეგიონებში პროტესტის ტალღა მოყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები