06 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
საპატრიარქოსთვის გამოყოფილი მილიონები, რომელსაც არავინ ამოწმებს - სამოქალაქო სექტორი ეკლესიისთვის გამოყოფილი ფულის კონტროლს ითხოვს

სამოქალაქო სექტორი კანონის იმ მუხლის გადახედვას ითხოვს, რომლის თანახმადაც აუდიტის სამსახურს საპატრიარქოს და მისი ქოლგის ქვეშ მყოფ ორგანიზაციების შემოწმება ეკრძალება.

გირჩმა” სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საპატრიარქოს ფინანსური შემოწმების მოთხოვნით წერილი უკვე გააგზავნა. ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ საპატრიარქო რომელმაც ბიუჯეტიდან ბოლო 10  წლის განმავლობაში მეოთხედი მილიარდი მიიღო, ანგარიშვალდებულია ხალხს უთხრას როდის, სად და რამდენად მიზნობრივად დახარჯა, გადასახადის გადამხდელთა ფული.

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე ყოველწლიურად ეკლესია 25 მილიონი ლარით ფინანსდება, თუმცა ეს მხოლოდ თანხის ნაწილია. გამგეობები და მუნიციპალიტეტები ეკლესიას დამატებით თანხას ურიცხავენ და საშუალოდ წლის განმავლობაში მართლმადიდებელი სასულიერო პირები ბიუჯეტიდან დაახლოებით 33 მილიონ ლარს იღებენ. ოფიციალური ინფორმაციით თანხას საპატრიარქო განათლებაში ხარჯავს, თუმცა ყველას ვინც ეკლესიის ფინანსურ რევიზიას ითხოვს, აინტერესებს მიზნობრივია თუ არა ეს ხარჯი. სახელმწიფო საპატრიარქოს ფინანსებით არასოდეს დაინტერესებულა და ამ კითხვას დღეს არც ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა.

ნაღდი ფულის გარდა, საპატრიარქო სახელმწიფოსაგან საჩუქრად დიდძალ უძრავ ქონებას იღებს. არასამთავრობოების მონაცემებით, ბოლო 4 წელში მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 700 ათასი კვადრატული მეტრი მიწა აჩუქა. ყველაზე გულუხვი ხელისუფლება 2018 წელს იყო. EMC-ის მკვლევარი თამთა მიქელაძე ფაქტს საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს, ფიქრობს ხელისუფლებამ ეკლესიას მხარდაჭერისთვის ხარკი გადაუხადა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, კიდევ 4 რელიგიური კონფესია ჯამში 4 მილიონი ნახევრით ფინანსდება. ყველა მათგანი ვალდებულია სახელმწიფო მაკონტროლებელს დეტალურად წარუდგინოს რაში ხარჯავს ბიუჯეტის ფულს. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტში ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მიდგომა დისკრიმინაციულია.

დღის ამბები