07 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
უტიფრობის ზეიმი - გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება

„როდესაც ხელისუფალი იწყებს დამადლებას თავისი გაკეთებული საქმეების ხალხის მიმართ, ის ხელისუფალი სწრაფად არის სახლში გასაშვები, იმიტომ, რომ ხიფათის მეტი მისგან არაფერი არ მოდის,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

გიგი უგულავა ტელეკომპანია „იმედში“ გასულ ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ „ოცნების“ ლიდერი ცდილობს, რომ საკუთარი რეალობა შემოახვიოს საზოგადოებას.

„უტიფრობის ზეიმი იყო და აბსოლუტურად, მეორე მხრივ, სიზიფეს შრომაა ის, რასაც ეს კაცი აპირებს. ისტორიის გადაწერა და ის იერალაში, რაც მას თავში აქვს, მათ შორის, საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით, ის გადმოიტანოს სერიალებში და თავისი პარალელური რეალობა შემოგვახვიოს და შემოგვაჩეჩოს. ან ვხედავთ მის დახარჯულ ფულს პირდაპირ პოლიტიკურ მოსყიდვაზე ან ვხედავთ სერიალების შექმნაზე ან ის რაღაც საზიზღრობა რაც გადაიღო ერთი, მისი დაკვეთით, უამრავი მილიონი რომ დაჯდა, ახლა თავიდან უნდა გვასწავლოს საქართველოს ისტორია. ვაშა, ამ ახალ საქართველოს. ეს არის მთელი პათოსი, რაც გამომდინარეობდა ბიძინა ივანიშვილისგან. ისევ ვიმეორებთ, პოლიტიკურად ეს ადამიანი თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას. ყოველი დღე არის საგანგაშო უკვე ამ ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა, საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ოპოზიციის კრიტიკას. ამას გარდა, „ოცნების“ თავმჯდომარემ ქართულ სერიალებზეც ისაუბრა.

ივანიშვილი ამბობს, რომ მედიასივრცეში არსებული სერიალები გაცილებით გლობალური პრობლემაა, ვიდრე მომავალი არჩევნები. მისივე თქმით, საკითხით მმართველი გუნდის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და შესაბამისი განხილვები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კინოწარმოების დაფინანსებას ივანიშვილის "ქართუ ბანკი" აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები