06 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
უანგარო ქველმოქმედება თუ წინასაარჩევნო გეგმა - ივანიშვილი ეკლესიას მსხვილ თანხას, ბოლო ორ კვირაში უკვე მეორედ სწირავს 

სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს. დაპირება „ქართული ოცნების“ ლიდერმა საქართველოს პატრიარქს პირისპირ შეხვედრაზე მისცა. ივანიშვილი მზად არის ქვეყნის ყველაზე დიდი ტაძრის სრულად მოხატვისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს. 

ივანიშვილისა და პატრიარქის შეხვედრის მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები დღეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა. თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რატომ გაახსენდა ბიძინა ივანიშვილს სამების მოხატვა არჩევნების წინ, მაშინ როდესაც ტაძარში ეს პროცესი 2012 წელს დაიწყო და ამ დრომდე სავარაუდოდ უსახსრობის გამო ნელი ტემპით მიდის.

ბოლო ორ კვირაში, ეს უკვე მეორე მსხვილი შემოწირულობაა, რომელიც ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გაიღო.

ორი კვირის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ერთი მილიონი ლარი ივერიის ღვთის მშობლის ტაძარს შესწირა, რომელიც სამეგრელოში შენდება.

უანგარო ქველმოქმედება თუ წინასაარჩევნო გეგმა - პოლიტიკური ოპონენტები ივანიშვილს ეკლესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეკლესიის გულის მოგებით, მმართველი პარტიის ლიდერი ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს. პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილმა შუალედურ არჩევნებში დამარცხების შიშით და პარტიის რეიტინგისთვის, არჩევნები საკუთარ თავზე აიღო. ამ არჩევნებზე კი ივანიშვილის მთავარი სამიზნე ეკლესია და მღვდლების გულის მოგებაა.

წინასაარჩევნოდ, ”ქართული ოცნების” ლიდერის ხელგაშლილობა ეჭვებს და კითხვებს აჩენს სადამკვირვებლო ორგანიზაციებში.

მმართველი პარტიის წევრები კი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უანგარო ქველმოქმედია და მის ხელგაშლილობას შუალედურ არჩევნებთან და ამომრჩევლის მოსყიდვასთან საერთო არაფერი აქვს. ოპოზიციას კი ურჩევენ, თემით სპეკულირება შეწყვიტონ.

 

 

დღის ამბები