06 მაისი 2024,   05:32
ვრცლად
ვირის და ცხენის ხორცი ბაზარზე - გამოძიებას პასუხი არ აქვს, რომელი სავაჭრო ობიექტები მარაგდებოდა არალეგალური სასაკლაოდან

გლდანში მდებარე რკინის საამქროდან ვირის და ცხენის ხორცი სამართალდამცავებმა ამოიღეს. გამოძიებას ჯერ არ აქვს პასუხი, რომელი სავაჭრო ობიექტები მარაგდებოდა არალეგალური სასაკლაოდან.

ფინანსურმა პოლიციამ საგულდაგულოდ მოწყობილი სასაკლაოდან 700 კილოგრამი ცხენისა და ვირის ხორცი ამოიღო. საქმე საგამოძიებო ორგანომ 180-ე მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის უცნობია, შედიოდა თუ არა მათ რიცხვში ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ასევე გაურკვეველი ხორცის რეალიზება ხდებოდა.

„კურიერის“ გამოჩენისთანავე დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გასაყიდი საქონელი გაფუჭებულ მაცივრებში დამალეს. ადგილზე, საიდანაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 კილოგრამი ცხენისა და ვირის ხორცი ამოიღო და მოვაჭრეები ანტისანიტარიის გამო დააჯარიმა, ვითარება ამ დრომდე უცვლელია.

„კურიერის“ ინფორმაციით, ვირისა და ცხენის ხორცი მეწარმეებს სამეგრელოდან და კახეთიდან შემოჰქონდათ, გლდანში პროდუქტს ამუშავებდნენ და შემდეგ, როგორც საქონლის ხორცი, შედარებით იაფად შეჰქონდათ სხვადასხვა ობიექტზე.

დნმ-მა აჩვენა, რომ კუსტარულად მოწყობილი სასაკლაოდან ბაზრობებზე უკვე 300 კილოგრამამდე ვირის ხორცი იყო შეტანილი.

მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე დარწმუნებულია, რომ გაურკვეველი ხორცით ნაკლებად ბიუჯეტური რესტორნებიც მარაგდებიან. მესამე სექტორი ქვეყანაში ხორცის უკონტროლოდ გაყიდვის აკრძალვას ითხოვს.

გაურკვეველი წარმომავლობის ხორცისა და სხვა ხარვეზების დასადგენად სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში გეგმიურ შემოწმებებს სისტემატიურად ატარებს.

უწყებაში ამბობენ, რომ არაგეგმიური შემოწმებების შემდეგ გაცემულ რეკომენდაციებს ამოწმებენ და მათ ჯარიმისა და საწარმოო პროცესის შეჩერების გარდა, სხვა სადამსჯელო ღონისძიების ბერკეტი არ გააჩნიათ.

საქმეში დამნაშავედ ფინანსურმა პოლიციამ ორი პირი ამხილა. ბრალის დადგენის შემთხვევაში მათი სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება. საგამოძიებო ორგანოში არ გამორიცხავენ, რომ ვირისა და ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის საქმეზე კიდევ სხვა ადამიანების ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

დღის ამბები