06 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
ტაქსის მძღოლების პროტესტი და პოლიციის დამატებითი ძალები ივანიშვილის სასახლესთან

ტაქსის მძღოლები თბილისის მერს ახალი რეგულაციების რამდენიმე წლით გადავადებას სთხოვენ და სათქმელს საპროტესტო აქციებით გამოხატავენ. მათი განცხადებით, არ შეეგუებიან რეგულაციებს, რომელიც მოქალაქეებს კიდევ უფრო გააღარიბებს. ტაქსის მძღოლებმა უწყვეტი სიგნალებით ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენა. 

გამაფრთხილებელი აქცია აგრარულ უნივერსიტეტთან დაიწყო. ასობით ტაქსი სიგნალებით აღმაშენებლის ხეივნიდან რუსთაველის გამზირზე ავიდა და საპროტესტო მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაასრულა. მათი აზრით, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც მოსახლეობას აზარალებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დგას.

მსვლელობის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილის სახლთან პოლიციის დიდი კორდონი დახვდათ. მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ევაკუატორებიც. სპეცმანქანებს პოლიცია იმ შემთხვევაში გამოიყენებდა თუ ტაქსის მძღოლები მანქანებით ივანიშვილის სახლამდე მისასვლელ გზას ჩახერგავდნენ.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე ტაქსის მძღოლებს შეთანხმება შესთავაზა. მანქანის თეთრად გადაღებვის ნაცვლად. მერია ავტომობილებზე თეთრი ფირის გადაკვრას უზრუნველყოფს. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ აქცია მერიის წინააღდეგ პოლიტიკურად მართულია.

კახა კალაძის ეს გზავნილი მძღოლებისთვის შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ ჩათვალეს, რომ თბილისის მერის ბრიფინგი იყო მცდელობა, რომ ასობით ადამიანი ქუჩაში აღარ გამოსულიყო. ამ ეჭვს კი ის გარემოებაც უმყარებთ, რომ აქციის რამდენიმე ორგანიზატორი დღეს პოლიციამ წარსულში დაწყებული საქმე გაუხსენა და გამოკითხვაზე გადაიყვანა. 

მძღოლები მერიას მოუწოდებენ, სრულად თქვას უარი ავტომობილების გადაღებვაზე და რეგულაციები 2025 წლამდე გადავადდეს.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი 

დღის ამბები