05 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
დავა არარსებული სამეფო ტიტულისთვის - სასამართლო დავის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

არარსებული სამეფო ტიტულის შესახებ დავა შესაძლოა სტრასბურგში გაგრძელდეს. სასამართლო დავის შეწყვეტას ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თუ გადაწყვეტილება არც მეორე ინსტანციამ შეცვალა, მეფე-დედოფალს შორის დავა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლებს.

„წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ერთი და იგივე მოსამართლე ფიქრობდეს იმასაც რომ საქმე არის განსაკუთრებული სირთულის და შეკრიბოს კოლეგიური შემადგენლობა და ფიქრობდეს იმასაც რომ სასამართლოს განსახილველი არ არის ეს საქმე. ზოგადად იკვეთება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ნიშნები. წინა სასამართლოსა და გუშინდელ სხდომას შორის. გამიჭირდება იმის თქმა ვისი მხრიდან თუმცა ფაქტია რომ სასამართლომ  რადიკალურად შეცვალა თავსი პოზიცია წინა სხდომასა და გუშინდელ სხდომას შორის.  გვაქვს უფლება რომ ჩვენი დარღვეული უფლების დასაცავად მივმართოთ სასამართლოს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო უარს გვეუბნება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს მიმართვაზე გვეთქვა უარი, რაც შედის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიაში,“-განაცხადა ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი ძალადობის ფაქტებზე არ აპირებს სასამართლოსთან თანამშრომლობას და ყოფილი მეუღლისთვის არც ქონების გაყოფას გეგმავს. განცხადება მისმა ადვოკატმა გააკეთა. დავით ბაგრატიონის ადვოკატი დედოფლის დაცვის მხარეს ურჩევს თავი ევროპაშიც არ შეირცხვინონ

„მათ უფლება აქვთ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ნუ გაიმასხარავებენ თავს  ამჯერად ევროპის მასშტაბით. ჩემი რჩევა იქნება დაანებონ სისულელეებს თავი. ეს ერთი, რაც შეეხება ძალადობის ნაწილში, ძალადობის ნაწილშიც იგივე პერსპექტივა ელოდება საქმეს. ჩვენ  მიგვაჩნია რომ ეს არის ხანდაზმული დავა პირველ რიგში. მეორე რიგში მოგახსენებთ, რომ კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მისცემს ჩვენება. ის ისარგებლებს კონსტიტუციით და არ მისცემს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას,“-განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები