06 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი - ხანგოშვილის კითხვა ვიცე-პრემიერ ცქიტიშვილს 

პანკისში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მყოფ მინისტრებს კითხვა ქისტური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა დაუსვა. ის შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედასთან, მედიკო მარგოშვილთან ერთად იმყოფება.

ხანგოშვილმა ჰკითხა მინისტრს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია და არის თუ არა გამართლებული მაშინ, როცა საერთაშორისო ტერორისტი ბრეივიკი ციხეში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება.

"თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც, დავუშვათ და მას რამე დანაშაული ჰქონოდა. ბრეივიკი ციხეშია, ის განათლებას იღებს და იმასაც კი აპროტესტებს, ყავა რატოა ცივი და არა ცხელი. თუნდაც, 20 წელი მჯდარიყო ციხეში, თუ ბრალი დაუმტკიცდებოდა, ოღონდაც დედას ის ცოცხალი ჰყოლოდა"- განაცხადა ხანგოშვილმა.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, კითხვაზე რატომ მოხდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია, პასუხის გაცემა გამოძიების დასრულებამდე არ შეუძლია. 

ცქიტიშვილის პასუხის შემდეგ კი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განაცხადა, რომ ყველა მინისტრი კონკრეტულს ვერაფერს ეუბნება, გარდა იმისა, რომ დაელოდონ უნდა გამოძიების შედეგებს.

„იგივე პასუხების ხელისუფლების ყველა წევრისგან, ერთი და იგივე, მეორე წელია - დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ მეც ვიცი, რომ ამათ ხელში რომ არაფერია და ზემდგომების ხელშია. ყველაფერს სუს-ი განაგებს, როგორც უნდა ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, მეტ პასუხს ესენი ვერ გამცემდნენ, ამაზე მეტს,“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

​ვიცე-პრემიერი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და განათლების მინისტრის მოადგილე პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალგაზრდებს შეხვდნენ. 

მინისტრებთან შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები