06 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
სოფელ ფერსათის მოსახლეობა სასმელი წყლით ვერ სარგებლობს - წყალს წურბელები და ტალახი მოჰყვება

სოფელ ფერსათის მოსახლეობა სასმელი წყლით ვერ სარგებლობს. ადგილობრივების თქმით, წყალი დაბინძურებულია, მას წურბელები და ტალახი მოჰყვება, რის გამოც ვერც სასმელად და ვერც საყოფაცხოვრებოდ იყენებენ.

მათივე განმარტებით, დაახლოებით ექვსი თვეა, რაც წყალი სოფელში შეიყვანეს, თუმცა, ვერ იყენებენ.

მათ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება მოსთხოვეს.

„ჩვენ ადრე გვქონდა წყაროს წყალი, ერთი კვირა კი არა, ერთი თვე რომ ყოფილიყო, ის არ დაილექავდა ნაგავს და მტვერს. ახლა მოგვიყვანეს წყალი, წითელხევიდან არისო, მის მერე წყალი მოდის მღვრიე, დაბინძურებული, ტრიტონები და წურბელები მოჰყვება წყალს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბაღდათის მერის მოადგილის, კახა ენუქიძის, თქმით, წყალი ბაღდათის რაიონში სასმელად ვარგისი არც არასოდეს ყოფილა და ჯერჯერობით თანხები არა აქვთ, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ.

„ამ წყლებს, რომლებიც ადრეც მოედინებოდა და ახლაც მოედინება, არასდროს არ ჰქონია სასმელი წყლის სტატუსი იმიტომ, რომ, როცა წყალი არის სასმელი, მას უნდა ჰქონდეს გასაფილტრი ნაგებობები, სალექარები, ასეთი არასდროს არ ყოფილა აქ, არც კომუნისტების დროს, არც ახლა. ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამას, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი მარტო თავის ხარჯით ვერ გაწვდება. ამჟამად მიმდინარეობს შიდა ქსელის მოწყობის პროექტირება და ამის შემდეგ უკვე უნდა ვიფიქროთ გასაფილტრ შენობებზე,“ - განაცხადა კახა ენუქიძემ.

დღის ამბები