27 აპრილი 2024,   00:25
ვრცლად
ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას - "ენმ" მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პანკისში მოკლული ახალგაზრდის საქმის გამოძიების მიზნით „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებებს საზოგადოებისთვის პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას არ უნდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება. აქედან გამომდინარე, გოცირიძე გამოსავალს მხოლოდ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხედავს.

„დიდი დრო გავიდა ამ მკვლელობის შემდეგ, ფაქტობრივად, ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას. ვინაიდან, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ობიექტურ გამოძიებაში და ერთადერთი ბერკეტი და გამოსავალი დაგვრჩენია ის, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა ამ კომისიის ფარგლებში მაინც მოხერხდეს ამ საზარელი მკვლელობის ფაქტის გამოძიება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, ამაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე. დეპუტატის თქმით, უცნობია, რას წარმოადგენდა ამ  სპეცოპერაციის მიზანი.

„ახალგაზრდა ადამიანი არის დაღუპული სპეცრაზმელის ტყვიით და დღემდე ა აქვს პასუხი არავის, არც ოჯახს, არც საზოგადოებას, რა იყო ამ სპეცოპერაციის მიზანი, რა მანდატით ჩატარდა, ვინ გასცა ბრძანება და ზოგადად, ეს სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი არის დღემდე გამოუძიებელი. როდესაც სამართალდამცავი სისტემა არ სცემს პასუხებს არსებულ კითხვებზე, ბუნებრივია, დგება დღის წესრიგში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის ინიციატივას, მმართველ გუნდში პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დეტალებს არ იცნობენ, შესაბამისად, არ იციან, რამდენად დგას საჭიროება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ საფუძვლები, პარლამენტში შექმნილა კომისია... თუ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ კომისია უნდა შეიქმნას, მაშინ კომისია უნდა შეიქმნას. თუ ვხედავთ, რომ ჯერ არ არის იმ ეტაპზე მისული საგამოძიებო საქმიანობა და ა.შ. მიმდინარე პროცესებია, რომლისთვისაც კომისია შეიძლება არ იყოს ჯერ აქტუალური ან იყოს ადრე, მე არ ვიცი, უბრალოდ ამას სჭირდება მეტი საქმის დეტალების შესწავლა... თუ ამის აუცილებლობა არის, მე, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არ ვარ,“ - ამბობს დანელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები