02 მაისი 2024,   12:56
ვრცლად
იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევა - ოპოზიციის მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად დარეგისტრირდა  

ოპოზიციის მოთხოვნა, პარლამენტმა მის მიერ იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი წევრი გამოიწვიოს, საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად დადგა.

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს. საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრზე. ესენი არიან, ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე. 

თავად საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ სკანდალური გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ, დღეს პირველი საჯარო განცხადება გააკეთეს ცდილობდნენ საკუთარი გადაწყვეტილების გამართლებას.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეთა 10-კაციან სიას. ლევან გზირიშვილი აღიარებს, რომ სიის შედგენაში მას, როგორც საბჭოს წევრს, მონაწილეობა არ მიაღებინეს, თუმცა ამის გამო მოსამართლე კოლეგებზე განაწყენებული არ არის.

პარლამენტის მიერ საბჭოში დანიშნულ კიდევ ორ არამოსამართლე წევრთან, ნაზი ჯანეზაშვილთან და ირმა გელაშვილთან საპარლამენტო უმცირესობას პრეტენზია არ აქვს, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სიისთვის მათ მხარი არ დაუჭერიათ. სკანდალურ გადაწყვეტილებას სულ 11 მხარდამჭერი ჰყავდა - 8 მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრი. ამ სამისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილიც იზიარებს.

 

 

დღის ამბები