02 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს - შს მინისტრი პანკისში მომხდარი შეტაკაბების შემდეგ დაწყებულ გამოძიების დეტალებზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა პანკისის დაპირისპირების დროს დაშავებული სპეცრაზმელები მოინახულა. ის კლინიკაში შს მინისტრთან ერთად მივიდა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, თავდასხმა პოლიციელებზე არის დაუშვებელი და ყველა სამართალდამრღვევის მიმართ კანონის პასუხიც იქნება შესაბამისი.

„ის, რაც თითოეულმა ჩვენთაგანმა იხილა პანკისის ხეობაში, ეს არის სრულიად მიუღებელი. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ბუნებრივია ის, ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე, ეს არის სრულიად მიუღებელი. აქედან გამომდინარე ბუნებრივია კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური. ჩვენ არასდროს არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში, თუ სოფელში  არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. გუშინაც და დღესაც ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეიძლება შეცდომაში არიან შეყვანილი ან არიან დაკავებული ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის  განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაშავებული სპეცრაზმელების მონახულების შემდეგ, განცხადება გააკეთა შს მინისტრმაც. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დაისჯება ყველა, ვინც გუშინ პანკისის შეტაკებების დროს კანონდარღვევა ჩაიდინა და მათ შორის იქნებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავები, თუკი მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

„შსს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და სამართალდამცავის უფლებებს და შესაბამისად ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო მოქალაქის  და პანკისის  მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი. ჩვენ ამის ვიზუალურ ფაქტებსაც გავასაჯაროვებთ. პანკისში დილის 08:00 საათზე, წყნარად, მშვიდად 35 კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ჩავიდა იმისთვის, რომ მათ უზრუნველეყოთ მშენებლების უსაფრთხოება, რისი თხოვნით ოფიციალურად ჩვენ მოგვმართა ეკონომიკის სამინისტრომ  შევიდნენ აი ამ ლოკაციაზე. მას შემდეგომ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა რა თქმა უნდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ფაქტი, რომელსაც შსს ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე პროკურატურაში აღძრულია იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა  ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. ჩვენ აქ აბსოლუტურად ტრანსფარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით,"-აცხადებს გიორი გახარია.

დღის ამბები