26 მაისი 2019,   00:18
ვრცლად
UNICEF-ის კვლევა და კრიტიკულად მძიმე შედეგი - ტყვიის შემცველობა ბავშვებში საგანგაშოდ მაღალ ნიშნულს აღწევს  

კრიტიკულად მძიმე შედეგი, რომელიც UNICEF-ის კვლევამ აჩვენა - ტყვიის შემცველობა ბავშვებში საგანგაშოდ მაღალ ნიშნულს აღწევს. საგანგაშო შედეგით, საქართველოში გამოკვლეული ბავშვების, თითქმის, ნახევარს სისხლში ტყვია საშიშ ნიშნულზე აქვს.

ეს არის კვლევის შედეგი რეგიონების მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი აჭარაშია. იქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში ტყვია აღმოაჩნდა.

რამდენი მიკროგრამი დეცილიტრი ითვლება საგანგაშო მაჩვენებლად, ეს დასავლეთის ქვეყნებში დადგენილი არ არის. ევროპული სტანდარტით, ტყვია სისხლში საერთოდ არ უნდა იყოს. საქართველოში სპეციალისტებმა კი დასაშვებ ნორმად 5 მიკროგრამი დაადგინეს.

ტყვიის ჭარბი დოზა სისხლში ორგანიზმის ინტოქსიკაციას და მძიმე შედეგებს იწვევს, რაც შესაძლოა, ბავშვის გონებრივი ჩამორჩენით დასრულდეს. რისკჯგუფში 8 წლამდე ბავშვები არიან.  

ტყვია ადამიანის სისხლში დაბინძურებული გარემოდან ხვდება. ბოლო კვლევით კი, საქართველოში დაბინძურებულია ყოველი მეხუთე ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

კვლევის ნიმუშები ევროპის ერთ-ერთ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გააგზავნეს, თუმცა, უკვე საქართველოშიც არსებობს ლაბორატორია, სადაც, როგოც სისხლში, ასევე ნივთებსა და პროდუქტებში ტყვიის შემცველობას ზომავს. თითო ანალიზის ფასი 80-დან 100 ლარამდე მერყეობს და მას საყოველთაო ჯანდაცვა ამ ეტაპზე არ აფინანსებს.

ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სტატისტიკა საყურადღებოა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მთავრობა პრობლემას აღიარებს და მის მოსაგვარებლად სახელმწიფო პროგრამების ამოქმედებას გეგმავს.

 

დღის ამბები