26 მაისი 2019,   00:15
ვრცლად
ივანიშვილმა პოლიტიკური ფულის გათეთრების სქემა აამოქმედა - "ქართუს" რიგითმა თანამშრომლებმა "ოცნებას" 2 დღეში 64 ათასი შესწირეს

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ფულის გათეთრების სქემა აამოქმედა - ქართუს მენეჯმენტის შემდეგ, ახლა უკვე რიგით თანამშრომლებსაც დაევალათ პარტია ქართული ოცნებისთვის თანხის გადარიცხვა.

აუდიტის სამსახურის ღია, ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ერთ დღეში ქართუ ფონდის, ბანკის და სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლებმა ერთდროულად გადაწყვიტეს ათასების შეწირვა მმართველი პარტიისთვის.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ აპრილის 2 დღეში მმართველი პარტიის საარჩევნო ყულაბაში, ბიძინა ივანიშვილის ქართუს რიგითმა თანამშრომლებმა, დაახლოებით, 64 ათასი ლარი შეიტანეს.

მაგალითად: ნაირა ექვთიმშვილი - 5 ათასი ლარი, ირინა მეგრელისვილი - 5 ათასი ლარი, ნინო დავლიანძე - 4 ათასი ლარი, თენგიზ დემეტრაშვილი - 4 500 ლარი, არსენა წიკლაური - 5 ათასი ლარი, ეკატერინე სურნმანიძე - 6 ათასი ლარი, ზურაბ ივანიშვილი - 5 ათასი ლარი, სალომე ფედიჩკინა - 3500 ლარი.

რატომ და ვისი დავალებით გადაწყვიტეს ქართული ოცნების დაფინანსება შუალედური არჩევნების წინ და ერთსა და იმავე დღეს, ქართუ ბანკის და ქართუ ჯგუფის თანამშრომლებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. რუსთავი2-ის ყველა შეკითხვას თანამშრომლები მხოლოდ დუმილით შეხვდნენ.

როგორ ფინანსდება მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ და რას ნიშნავს პარტიული "ობშიაკი" - ლევან ხაბეიშვილი ქართულ ოცნებაში შავი ფულის გათეთრების სქემაზე საუბრობს. ამ სქემის მიხედვით, თანხის ნაწილი მმართველ პარტიაში ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ანგარიშებიდან შედის, რომლებიც შემოწირულობამდე ან მის შემდეგ სარფიან ტენდერებს იგებენ, ნაწილი კი ე.წ. შავი ყულაბიდან, რომელიმე ორგანიზაციის რიგითი თანამშრომლების გავლით თეთრდება. ანუ, შავ ფულს ამ თანამშრომლებს ხელზე აძლევენ, შემდეგ კი პარტიის ანგარიშზე მათ თანხა საკუთარი შემოწირულობის სახით შეაქვთ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ე.წ. შავი ფულის გათეთრება მმართველ პარტიას მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში საარჩევნოდ გაწეული ხარჯების კანონიერება დაასაბუთოს, თუმცა, რეალურად კანონიერ ფულს ქართულ ოცნებაში სწორედ შავი ფულის დანახარჯი აჭარბებს. ეს შავი ფულიც პარტიულ ანგარიშზე ისევ ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულით გროვდება, რადგან მმართველი პარტია ბიზნესმენს სანაცვლოს ტენდერებს აგებინებს, ან პირდპაირ ხელშეკრულებებს უფორმებს, რაც ისევ სახელმწიფო თანხებით ფინანსდება.

ქართუ ბანკის და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლების კოლექტიურ გადაწყვეტილებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავ მმართველი გუნდის წევრები. ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ ქართუ ბანკის თანამშრომლებისგან მსგავსი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს საერთოდ არ უნდა იწვევდეს. 

დღის ამბები