03 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
"განცდაც კი გაგვიჩნდა, რომ ეს დაკითხვა ემსახურებოდა არასამთავრობო სექტორზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას" - ავტოექსპერტები მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაკითხეს

ავტოექსპერტებმა  პოლიციის განყოფილება დღის ბოლოს დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა მანქანების ბენზინის ავზების დაზიანებისა და საწვავის მოპარვის საქმესთან დაკავშირებით "კურიერში" გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს.

მათი თქმით, დაზარალებულების დიდი ნაწილი პოლიციას არ მიმართავს და სამართალდამცველთა მთავარ მიზანს ამ ეტაპზე სწორედ მათი გამოვლენა წარმოადგენს.

ავტოექსპერტები მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობენ, რადგან დაზიანებული ბენზინის ავზით გადაადგილება მძღოლისთვის შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს.
90-იან წლებში გავრცელებული კიდევ ერთი პრაქტიკის, ბენზინის ავზების დაზიანების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც ვთქვით ტელევიზიაში იგივე გავიმეორეთ. საფრთხის შემცველი ნამდვილად არის ეს ყველაფერი. სოციალურ ქსელში, რაც ვნახეთ გახვრეტილი ავზი, სულ ბოლომდე ის არაფრით არ დაიცლება და შესაძლებელია ეს ყველაფერი უბედური შემთხვევით დასრულდეს,“-აცხადებს ავტოექსპერტი ზურაბ ბეჟაშვილი.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე კი ამბობს, რომ დაკითხვისას მათ გაუჩნდათ განცდა, რომ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.

„იყო დამოკიდებულება, რომ თითქოს ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ასეთი დაზარალებულები არ არსებობენ და ჩვენ საიდანღაც მოვიტანეთ.

ის განცდაც კი გაგვიჩნდა, რომ ეს დაკითხვა ემსახურებოდა არასამთავრობო სექტორზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას,“-ამბობს ურუშაძე.

დღის ამბები