03 მაისი 2024,   06:23
ვრცლად
არის თუ არა მეტროთი მგზავრობა უსაფრთხო - კაბელები 50 წლის განმავლობაში არ შეცვლილა

არის თუ არა მეტროთი მგზავრობა უსაფრთხო - მოქალაქეები აცხადებენ, რომ გუშინდელი ერთსაათიანი პარალიზების შემდეგ, შიში გაუჩნდათ. ამ ეტაპზე მეტროპოლიტენის მთავარ ხაზზე მუშაობა აღდგენილია. გუშინ დღის ბოლოს მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენზე დაზიანების შედეგად აალება მოხდა, რის გამოც მეტროპოლიტენი, დაახლოებით, ერთი საათით პარალიზებული იყო. საჭირო გახდა ყველა მგზავრის ევაკუაცია.

„ვერ ვგრძნობ უსაფრთხოდ იმიტომ, რომ გუშინ, მაგალითად, მინდოდა მეტროთი სარგებლობა და დაკეტილი იყო. ვიღაცამ მითხრა, რომ ცეცხლი გაუჩნდა თურმე ლიანდაგს. უნდა გაარემონტონ და მგზავრების უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული,“- განუცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ „კურიერს.“

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ მეტროს მეურნეობა მოძველებულია და 50 წლის განმავლობაში კაბელები არ გამოცვლილა. გიორგი შარკოვის თქმით, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ მეტროპოლიტენმა უსაფრთხოდ იმუშაოს.

„ჩვენი მეტროს მეურნეობა არის მოძველებული და საჭიროებს რეაბილიტაციას. ამ მიმართულებით, მერიის მხარდაჭერით, საერთაშორისო დაფინანსებით, საფინანსო ორგანიზების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს ძალოვანი კაბელები ამ 50 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენმა მგზავრებმა უსაფრთხოდ იმგზავრონ მეტროთი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები დღე და ღამე მუშაობენ იმისის, რომ ყოველ დილას მეტროპოლიტენმა მუშაობა უსაფრთხოდ დაიწყოს,“- განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარკოვმა.   

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები