03 მაისი 2024,   03:14
ვრცლად
მეტრო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლება, საქართველოში საშიშ ადგილად იქცა

მეტროსადგურებში არსებული პრობლემები - ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი გათიშვის შემდეგ მგზავრების ნაწილი მეტროპოლიტენით გადაადგილებას ერიდება და არჩევანს სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აკეთებს. დაბალი ფასის და სისწრაფის გამო, მეტროს დღეში 450 ათასამდე მგზავრი ირჩევს. ხალხი ამბობს, რომ გახშირებული გათიშვის გამო, თავს მიწისქვეშა ტრანსპორტში უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს.

„კურიერს“ ერთ-ერთმა მგზავრმა გუშინ მეტროსადგურ გოცირიძესთან გადაღებული ფოტო მიაწოდა. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ძალოვან კაბელებზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ მეტროსადგურთან სასწრაფო და სახანძრო მანქანები იყო მობილიზებული. მეტროს მთავარი ხაზი გუშინ ერთი საათით გაითიშა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მოძველებული ელექტროგაყვანილობა მეტროში ერთადერთი პრობლემა არ არის და ინფრასტრუქტურა მწყობრიდან ყოველ დღე გამოდის.

არასწორი მართვის პირობებში ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მეტროპოლიტენით გადაადგილება სულ უფრო სახიფათო გახდეს. სპეციალისტები მერიას თანხების არასწორად გადანაწილებაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა სამგორი-ლილოს ახალი ხაზის მშენებლობისთვის 90 მილიონი ლარის დახარჯვამდე, ამ ფულით უკვე არსებული სადგურები შეეკეთებინათ.

მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერი სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ არ ენდობა ექსპერტებს, რომლებიც მას თანხების არასწორ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

ელექტროსადენების რეაბილიტაცია, რის გამოც გუშინ ერთი საათით იყო მეტრო პარალიზებული, ივნისის თვეში დაიწყება. სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, მეტროთი მომსახურება დღის განმავლობაში 2 საათით შემცირდეს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები