05 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
არსებობს დოკუმენტი, რომელიც წერტილს დაუსვამს პროკურორის ბოდვას - იულია სუსლიაკის ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული ბავშვების გაყიდვას არ აპირებდა

ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის ადვოკატი ამტკიცებს, რომ იულია სუსლიაკის ათივე შვილს ერთი მამა ჰყავთ და ის იური სუსლიაკია.

ამის დასამტკიცებლად ზურაბ თოდუა მზად არის უკრაინიდან დაკავებული ქალის დედამთილი ბიოლოგიური ექსპერტიზისთვის ჩამოიყვანოს.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, არსებობს დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ იულია სუსლიაკი აშშ-სი ყოფნის დროს ორსულობის მერვე თვეში იყო, რაც იმის დასტურია, რომ ათიდან ერთი, ბოლოს დაბადებული ბავშვი, ქალის ბიოლოგიური შვილია.

"ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამის ხაზის დასადგენად, კიევიდან ჩამომყავს ბავშვების ბებია, რომელსაც ანალოგიური ნიმუში ექნება კვალისა და ამით დაესმება წერტილი ამ საქმეს. დოკუმენტით უტყუარად დასტურდება ფაქტი, რომ იულია სუსლიაკი 2018 წლის ივნისის თვეში იმყოფება ორსულობის მერვე თვეში.   ამით პასუხის გაეცემა  იმ ბრალდებას, ბოდვას, რომლითაც პროკურორი ამბობს, რომ იულია სუსლიაკმა აშშ-ში დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა, იყიდა , ყველაზე პატარა ბავშვი, გრეისი, ჩაიყვანა ის რუსეთში შემდგომი გაყიდვის მიზნით,“-განაცხადა ზურაბ თოდუამ. 

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ქალს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ბავშვებით ვაჭრობაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ ქართველმა სამართალდამცველებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც არასრულწლოვნები მწვავე ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ეჭვს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. დავის დასრულებამდე ბავშვები სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ არიან.  

ამავე თემაზე
დღის ამბები