06 მაისი 2024,   03:05
ვრცლად
როდის გადაწყვიტეთ, რომ პანკისში ადგილობრივ მოქალაქეებს დაუთმობდით? - ბოკერიას კითხვა გახარიას

„როდის გადაწყვიტეთ, ბატონო გიორგი, რომ ადგილობრივ მოქალაქეებს დაუთმობდით? ოპერაციამდე თუ ოპერაციის შემდეგ?“ - ასე მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც ის სამთავრობო საათის ფარგლებში იმყოფება. მან შინაგან საქმეთა მინისტრს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, მათ შორის პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით. მას აინტერესებდა, როდის გადაწყვიტა შს მინისტრმა, რომ ხეობელებთან ჰესის აშენების საკითხზე დათმობაზე წასულიყო.

„თუ ოპერაციამდე გადაწყვიტეთ, რატომ არ უთხარით ამ ხალხს და საზოგადოებას, თუ მერე გადაწყვიტეთ, ჩემი კითხვა შემდეგია, რამდენი პოლიციის მანქანა უნდა დაწვან და რა ძალადობას უნდა მიმართონ, რომ ასეთ დათმობაზე წახვიდეთ, რა გზავნილია ეს? - აღნიშნა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიდეოკოლაჟი წარადგინა, სადაც ბოლო პერიოდში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტი იყო ასახული. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ოპონენტებსა თუ პოლიციელებზე მომხდარი ინციდენტების დროს დამნაშავეები არ არიან დასჯილები.

„ეს ფაქტი უწყობს თუ არა პოლიციის დისკრედიტაციას ხელს, რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის,“- აღნიშნა ბოკერიამ.

მან გიორგი გახარიას კიდევ რამდენიმე შეკითხვით მიმართა, ერ-ერთი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებთან ე.წ. ქუჩური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ყოფნას ეხებოდა.

„რა გზავნილია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას ხედავენ, რომლებსაც თქვენ თანამშრომლობას სთხოვთ პოლიციასთან,“ - აღნიშნა ბოკერიამ.

 

დღის ამბები