10 მაისი 2024,   22:35
ვრცლად
ეტყობა უთხრეს, რომ პარლამენტი ცუდი ადგილია, ცუდი ბიჭები არიან იქ და გააფუჭებენ - კობერიძე ქობულიაზე

„მგონი კარგად არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა ის მინისტრად და ეტყობა უთხრეს, რომ პარლამენტი ცუდი ადგილია, ცუდი ბიჭები არიან იქ და გააფუჭებენ,“ - ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატმა, ლევან კობერიძემ გააკეთა.

ლევან კობერიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიციების სისწორეში მმართველი გუნდის და ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

კობერიძისთვის გაუგებარია, ვის ხვდებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რადგან მთავრობაში ყოფნის დროს მას მმართველი გუნდის წევრებთან პრობლემებზე არ უსაუბრია.

„სადაც ის ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ცდილობდა გარკვეული გეგმების და ხედვების შეჯერებას, ეს მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრის ეს ნაწილი გასაგებია, მაგრამ მგონი, კარგად არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა ის მინისტრად და ეტყობა უთხრეს, რომ პარლამენტი ცუდი ადგილია, ცუდი ბიჭები არიან იქ და გააფუჭებენ, არ უნდა გაიაროს მათთან ახლოს. ჩემთან გაუგებარია, სად დადიან ეს მინისტრები, სად იყო მისული და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში. პირველ რიგში, პარლამენტში უნდა მოსულიყო, რომ ჩვენ ახლა მკაფიოდ გვცოდნოდა, თუ რა ხედვები ჰქონდა, შესაბამისად, ბარიერებზე თუ საჭირო იქნებოდა, ჩვენი თანადგომა და დახმარება ექნებოდა,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

 

დღის ამბები