22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი ბოლქვაძე ენმ-ს წევრისგან სასტუმროს დატოვებას მოითხოვდა - ხათუნა ბერიძე ვიდეომასალას ავრცელებს 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე  ძალადობაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ხათუნა ბერიძეს  სასტუმროს დატოვების მოთხოვნით მიმართავდა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა თავად აქტივისტმა ქალბატონმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.

ხათუნა ბერიძის განცხადებით, მის ნომერში უნებართვოდ შესული ანზორ ბოლქვაძე მოითხოვდა, რომ მას სასტუმრო დაეტოვებინა. ბერიძე მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

„არ ესიამოვნათ, რომ მე იქ დავხვდი, როგორც იციან, რომ „ალტერნატივის“ წევრი ვარ. ბატონი ანზორ ბოლქვაძე იყო ნასვამ მდგომარეობაში, მეუბნებოდა, რომ უნდა დამეტოვებინა ჩემი ნომერი. მოვითხოვ, რომ სათითაოდ, ვინც ჩემს ნომერში უნებართვოდ იყო შემოსული, ყველა იმ ადამიანის მოხდეს იდენტიფიცირება და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა,“- განაცხადა ბერიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მდივნის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს. ოპოზიცია რეაგირების თხოვნით სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს. 

„თითქოს და გამოდიან, ამას წინათ ბრიფინგი ჩაატარეს, სხვა და სხვა სახელწოდებები მიძახეს რაღაცეები ხულოში. და ასეთი თემა, აგორებული თემაა პოლიტიკურად, რომ თითქოს და მე გამანადგურონ ამ მოსახლეობასთან. დაველოდები არჩევნების დასრულებას და შემდეგ ალბათ შევიტან სასამართლოში და მივხედავ საქმეს. სასტუმროს ტერიტორია არავის არ დაუტოვებია, ვინც მაცხოვრებელი იყო არავის არ დაუტოვებია, დატოვა იმან, ვინც არ ცხოვრობდა იქ,“- განაცხადა ბოლქვაძემ.

დღის ამბები