27 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
შსს-მ შეცდომა არ დაუშვა, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი - ნათია მეზვრიშვილი ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების გამოძიებაზე საუბრობს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რა თქმა უნდა, შეცდომა არ დაუშვა, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი,“ - ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ყანდაურაში მომხდარ მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დააკავა 85 წლის მოხუცი. მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ კი გარკვეული კითხვის ნიშნები იარაღთან დაკავშირებით გაჩნდა.

„პირველი, ვისი დაკავებაც მოხდა და ვინც გაჩნდა ბრალდებული საქმეში იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ და შევკრიბეთ, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას, 4 კაცია მკვდარი და ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი მაღალია, დაუყოვნებლივ ინფორმაცია მოვაწოდეთ. ასევე, გავავრცელეთ შემდგომ უკვე სხვა ინფორმაციაც, რომ გაჩნდა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები სხვა იარაღთან დაკავშირებით, რომ ხომ არ იყო გამოყენებული კიდევ სხვა ტიპის იარაღი, იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნები მივიღეთ, მიმდინარე პროცესია, დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, ამაზეც საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ. ის პირები, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულები არიან, არიან დაკავებულები შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის შემდეგ ორი პირია დაკავებული - 85 წლის მოხუცი, რომელსაც გამოძიება რძლის და ორი ნათესავის მკვლელობას და მეუღლის დაჭრას ედავება. გარდა ამისა, დაკავებულია ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც. ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება.

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იძებნება 85 წლის მოხუცის შვილი, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია.

დღის ამბები