10 მაისი 2024,   23:43
ვრცლად
ტრეფიკინგში ბრალდებული სუსლიაკის შვილებს ბებია მოინახულებს - ერთ-ერთ ბავშვს დაბადების დღე აქვს

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის შვილებს, სავარაუდოდ, ბებია მოინახულებს, რომლის თქმითაც, მან დნმ-ის ტესტისთვის ანალიზიც ჩააბარა. „კურიერის“ ინფორმაციით, სუსლიაკების 10 შვილიდან ერთ-ერთის დაბადების დღეა და ბებიას იმედი აქვს, რომ მის შვილიშვილებს შეხვდება. ემა სუსლიაკი რამდენიმე საათია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოში იმყოფება.

სოციალურ სამსახურში „კურიერს“ განუცხადეს, რომ ამ დრომდე ელოდებიან დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც, გადაწყდება, მიეცემა თუ არა ემა სუსლიაკს ბავშვების ნახვის უფლება.

ემა სუსლიაკმაკურიერთან“ აღნიშნა, რომ სოციალურ სააგენტოში მას დაპირდნენ, რომ ბავშვებს შეახვედრებდნენ, თუმცა იმ პირობით თუ „რუსთავი 2“ ტერიტორიას დატოვებდა.

„გთხოვთ, თქვენ წადით აქედან, რომ მე შევძლო ჩემს შვილიშვილებთან შეხვედრა. ზუსტად ვიცი, რომ შეხვედრის უფლებას მომცემენ. ასეთი პირობა ჩამოგვართვეს, რომ შეხვედრის დროს გადაღება არ უნდა მოხდეს. ხუთი დღეა, რაც დნმ-ის ანალიზი ჩავაბარე და მისი კვლევაც დაწყებულია, ველოდებით პასუხს. მეტის არაფრის თქმა არ შემიძლია. ძალიან გთხოვთ, დატოვოთ ტერიტორია,“- განაცხადა ემა სუსლიაკმა.

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის და ცდილობს, ბებია არ შეახვედროს შვილიშვილებს. ზურაბ თოდუას თქმით, როდესაც ის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ბებიისა და ბავშვების შეხვედრის დეტალებს ათანხმებდა, მასთან სოციალური სამსახურის თანამშრომელს წამოსცდა, რომ საგამოძიებო უწყებისგან სხვა მითითება აქვს მიღებული, რომლის მიხედვით, ბავშვები და ბებია ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ.

„გამაჩნია უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გუშინდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო ბებიასა და შვილიშვილებს შორის საქართველოს მთავარი პროკურატურის იგივე თანამშრომლების ზეწოლით და უშუალო ჩარევით არ შედგა და ჩაიშალა. გამოვთქვამ ძალიან მაღალი ალბათობით შიშს იმის თაობაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ბავშვებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, ანუ ამ ბავშვებისგან პროკურატურა ცდილობს მიიღოს სხვა და სხვა მექანიზმების ჩარევის შედეგად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა მაინც თქვას, რომ იულია არ არის მათი ბიოლოგიური დედა. ვასაჩივრებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, სრულიად დაუსაბუთებელს და გაუგონარს, იმ მოტივით, რომ ჩემ მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თურმე, არ არის ნამდვილი,“- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

გუშინ საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარეს საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვაზე უარი უთხრა. ზურაბ თოდუას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები