25 აგვისტო 2019,   16:15
ვრცლად
"ქართული ოცნება" წამსვლელია უკვე ყველაფერზე" - ოპოზიცია ზუგდიდში აგნვითარებულ მოვლენებს აფასებს

ზუგდიდში ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან შუალედური არჩევნების გაყალბების სამზადისად მიიჩნევს. მათი თქმით, ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია, თუმცა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების იმედი არ აქვთ. ოპოზიცია ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებისკენ მოუწოდებს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანა არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებაა და დარწმუნებულია, რომ მათი კანდიდატი უპირობოდ გაიმარჯვებს.

"პირდაპირ თავზე დავადექით ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კი განმარტავს, რომ ხელისუფლება პანიკაშია.

"რასაც ზუგდიდში აკეთებენ, ეს არის უკვე პანიკური შიშის გამოვლინება, ჩვენ ვხედავთ რომ "ქართული ოცნება" წამსვლელია უკვე ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ რომ სუს-ი, პოლიცია, ძალაუფლება, ფული, ყველფერი ჩართულია უკვე ქართველი ხალხის წინააღმდეგ,"-აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავას მოსაზრებას იზიარებს "რესპუბლიკელი" თამარ კორძაიაც და აცხადებს რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველაფერს კადრულობს. მისი თქმით, სწორედ ამის დასტურია ზუგდიდში განვითარებული მოვლენები.

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი კი ბიძინა ივანიშვილს კონკრეტულ რჩევას აძლევს.

"ივანიშვილს ვურჩევდი გადააბაროს ქვეყანა ისევე, როგორც ყოფილმა ხელისუფლებამ გააკეთა. არავინ მას არ აპატიებს გაყალბებულ არჩევნებს,"-აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და მას ვერ ექნება ინფორმაცია როგორ და სად ხდება საარჩევნო სიების გადატანა უბნებს შორის.

"ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და სამართლიან გარემოში. ყველანაირი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვართ დარწმუნებული რომ ჩვენ კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა, ალბათ სწორედ ეს იწვევს იმ დაძაბულობებს და იმ აჟიოტაჟს, რასაც ზუგდიდში ვაკვირდებით,"-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი. 

დღის ამბები