03 მაისი 2024,   07:03
ვრცლად
 განათლების და მეცნიერების ქალაქი ბათუმში - პროექტი პრემიერმა წარადგინა 

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქალაქ ბათუმში, ახალი პროექტი წარადგინა. პრემიერის თქმით, ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქი უნდა აშენდეს. საგანმანათლებლო ქალაქი სპორტულ მოედნებს, სარეკრეაციო სივრცეს, საერთო საცხოვრებელს და სხვა კომპლექსებს მოიცავს.  

„მე, ზუსტად ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ ბათუმში დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც დღეს ამ წუთებში შენდება თბილისში.  ჩვენ შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი თქვე ქალაქში. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები. იქნება სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე. ჩვენთვის, იცით, განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივე გაკეთება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა პედაგოგების ხელფასების ზრდაზეც ისაუბრა. ბახტაძის თქმით, შემოდგომიდან, პედაგოგების ხელფასები პერიოდულად გაიზრდება და ის 2022 წელს ათას 800 ლარს მიაღწევს.

„ჩემთვის არის პირადი ტრაგედია, რომ საქართველოში, სადაც ხელფასები ისედაც დაბალია, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. როგორც შეგპირდით, ჩვენ შემოდგომიდან, მასწავლებლის ხელფასებს ვზრდით 150 ლარით მინიმუმ, შემდგ გავზრდით ყოველწლიურად და 2022 წელს, გპირდებით, რომ მინიმალური ხელფასი საქართველოში პედაგოგისთვის 1500-დან 1800 ლარამდე“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები