21 ივნისი 2019,   04:56
ვრცლად
ამომრჩევლის დაშინება და ზეწოლა გამარჯვების სანაცვლოდ - სკანდალური ვიდეოჩანაწერის ავტორი, "ოცნების" დეპუტატ გია დანელიასთან საუბარს იხსენებს 

სკანდალური ფარული ჩანაწერი - ვიდეოს ავტორი, ბაადურ რაფავა „კურიერთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ შეხვდა „ქართული ოცნების“ წევრს, გია დანელიას.

საუბარია ჩანაწერზე, სადაც ისმის, როგორ საუბრობს გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვაზე, დაშინებასა და საუბრობს. 

ბაადურ რაფავა „კურიერთან" ჰყვება, რომ სკანდალური ჩანაწერი მის ავტომობილშია გადაღებული. მისი განცხადებით, დავალებების გაცემის გარდა გია დანელია თავად იყო ჩართული ამომრჩევლის გადაბირებაში. რაფავა ამბობს, რომ დაშინება, მოსყიდვა, ტერორი მუდმივად ხდება. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ მან საუბრის ჩაწერა გადაწყვიტა. ბაადურ რაფავას განცხადებით, ის მისი თანასოფლელების დატერორებას  „არავის აპატიებს“.

„ჩემი სოფლის დატერორებას, დაშინებას და დედაზე გინებას და მოსყიდვას არავის არ ვაპატიებ. საწყალია ხალხი და მაგ ხალხის შეშინება ცოდვაა. მე მივდიოდი ხალხთან და ვთხოვდი, რომ რამენაირად არ ეყვირათ და იყვნენ ჩუმად და ყოფილიყვნენ კულტურულად, თორემ შეიძლება რამე გაეკეთებინა - დაეშინებინათ, რაღაც რომ მოეწყოთ. ხმები რომ მოეპოვებინა და დაეშინებინა ხალხი ყველა მეთოდით,“ - განაცხადა რაფავამ.

ფარული ვიდეო ჩანაწერის ავტორი ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად ვისგან იღებდა გია დანელია მოსახლეობის დაშინების მითეთებას

„არ ვიცი, მაგი თვითონ იცის ალბათ, ვინ გასცა და ვინ არა... კახათსაც ვეტყვი და 12-ვე სოფელს, ნუ გეშინიათ, მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყავი არასდროს და არც ვიქნები კიდევ, მაგრამ მე მინდა, რომ ყველა ცხოვრობდეს ნორმალურად. ის გაჭირვებული ხალხი, რომელსაც საჭმელი არ აქვს, სასმელი არ აქვს, კვდება მშიერი, ფეხებზე რომ ჰკიდიათ ხალხი, მიხედონ მაგათ,“ - განაცხადა რაფავამ.

სკანდალური ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები "მოვიდა ზევიდან".

ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად... ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები