03 მაისი 2024,   08:56
ვრცლად
ზეწოლა და დაშინება ხულოში - ოჯახს, რომელიც ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა, პოზიცია შეაცვლევინეს

ზეწოლა, დაშინება და მუქარა ხულოში - უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი სოფელ ღორჯომიდან, რომელიც ხელისუფლებას უყურადღებობაში ღიად ადანაშაულებდა, პოზიცია შეცვალა. მაღალმთიანი აჭარის მკვიდრი მერაბ ბერიძეს ამტკიცებს, რომ მისი შშმ შვილის მდგომარეობა, მოხსნილი დახმარება და სოციალური შეჭირვება ახლა მხოლოდ მისი პრობლემაა.

თუმცა ერთ დღით ადრე ის სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში დახმარებას ითხოვდა და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობდა. ღორჯომში მცხოვრებ ოჯახს უმძიმესი სენით დაავადებული შვილისთვის არც წამლები აქვს და არც სოციალური დახმარება, რომელიც წლების წინ მოუხსნეს.

ვიდეო ბერიძეების ოჯახში ხულოს მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გადაიღო. ირაკლი ჯორბენაძე ვიდეოში ჰყვება, რომ ხელისუფლება მათ მინიმალურ დონეზე ტკივილგამაყუჩებლით და საძილე წამლითაც კი არ ეხმარება, რომელიც მძიმე პაციენტისთვის ერთადერთი შვებაა.

ამ ჩანაწერის სოციალურ ქსელში გამოჩენის და ბერიძეების ოჯახში არსებული უმძიმესი ვითარების განხილვის შემდეგ, ოჯახზე ზეწოლა, დაშინება და მუქარა დაიწყო. ამ ფაქტს ხასან ბერიძის მხრიდან აგრესია და ოჯახის სხვა წევრის ნათქვამიც ადასტურებს. ბაბუამ „კურიერს“ უთხრა, რომ ოჯახი „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას თავს არიდებს, თუმცა რის ფასად ეს მას აღარ დაუკონკრეტებია, რადგან შვილმა მამას საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.

ადგილობრივების თქმით, სოფელ ღორჯომში, ლაბაიძეების უბანში, სადაც ბერიძეები ცხოვრობენ, „ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატის წარმომადგენლებმა სიარული აქტიურად დაიწყეს. მათი განცხადებით, ხასან ბერიძეს ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ კი, თუ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაზე საჯაროდ ჩივილს შეწყვეტდა და გაჩუმდებოდა, დახმარების აღდგენას და დასაქმებასაც დაპირდნენ.

ბერიძეების მძიმე ამბის გახმაურების შემდეგ სოციალური სააგენტოს ხულოს ადგილობრივი ცენტრი ოჯახს მათთან მისვლას და განაცხადის ხელახლა წარდგენას სთხოვს.

"კურიერი" კომენტარისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატს, ვახტანგ ბერიძის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელიც ხულოს მერობისთვის 19 მაისს კენჭს იყრის. დაპირების მიუხედავად, არც მერობის კანდიდატს და არც სხვა პირებს ადგილობრივი ხელისუფლებიდან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები