27 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
"ადამიანებს ჰპირდებიან ფინანსურ დახმარებას, ალკოჰოლს და სხვა სიკეთეებს" - მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი დარღვევებზე საუბრობს

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, სახელისუფლებო კანდიდატის  მხარდამჭერები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ცესკომ გამოაცხადა, რომ უბნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტივობაა. 

„მწუხარებით გვინდა შევნიშნოთ, რომ მთაწმინდაზე არჩევნები არ მიმდინარეობს თავისუფლად და თანასწორად. შეინიშნა არაერთი დარღვევა ამ ოლქში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გამოჩნდა, რომ აქტივობა არის საკმაოდ დაბალი , რაც თავის მხრივ ცუდია ყველა მხარისათვის, ამის შემდეგ გამოჩნდა მასობრივი მობილიზება მთელ რიგ უბნებზე.

28-ე უბანზე სავარაუდოდ იყო კარუსელის მცდელობა, თუ ეს კარუსელი იყო, მაშინ ის შედგა, რადგან ადამიანმა, რომელიც სავარაუდოდ მეორედ შევიდა უბანზე მისცა ხმა, ეს იყო თორნიკე ჩიქობავას იდენტობით, თუმცა მიმდინარეობს კადრების მოკვლევა და ზუსტად გვეცოდინება მოხდა თუ არა კარუსელი.

ბატონი ლადო კახაძის  კოორდინატორები დაიარებიან მანქანებით მთელი ოლქის მასშტაბით, სთავაზობენ ადამიანებს, რომ წაიყვანენ უბნებზე ბატონ ლადო კახაძის მხარდასაჭერად. რაც არის პირდაპირი უარყოფა ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის, ნებისმიერი კოლეგიალიზაციის,“-ამბობს გეგელია. 

მისი თქმით, ამომრჩევლების მობილიზება ხდება უბნებზე, ასევე შეინიშნება პირადი მონაცემების კონტროლი. გეგელია ამბობს, რომ ამოწმებენ უბნიდან გამოსულ პირებს, ეკითხებიან ვის მისცა მან ხმა და ასევე მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა.

„ამ ადამიანებს ჰპირდებიან ფინანსურ დახმარებას, ალკოჰოლს და სხვა სიკეთეებს. ქართული პოლიტიკა ვერ განთავისუფლდა დიდი ფულის ტყვეობიდან,. ქართული დემოკრატია სულს ღაფავს და სამწუხაროა, რომ არჩევნებზე,რომელზეც ჩვენ ველოდით უფრო მეტ თავისუფლებას, ვერავითარ თავისუფლებას ვერ ვხედავთ,“-ამბობს გეგელია.

დღის ამბები