27 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
ლარის გაუფასურების ანტირეკორდი - ექსპერტები ერთ-ერთ მიზეზად არჩევნებს ასახელებენ

ეკონომიკის სფეროს ექსპერტები ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობენ. სპეციალისტები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად არჩევნებს და საარჩევნოდ დახარჯულ თანხებს ასახელებენ.

ანალიტიკოსების თქმით, როდესაც ქვეყანაში ექსპორტი გაზრდილია და იმპორტი შემცირებული, ხოლო ეროვნული ვალუტა მაინც უფასურდება, მაშინ რყევის მიზეზი საშინაო ფაქტორებს უკავშირდება. 

ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მოსახლეობაში გაჩნდა ლარის ჭარბი მასა და მათ გადაწყვიტეს, რომ ის უფრო მყარ ვალუტაში - დოლარში შეენახათ. 

"ჩვენ თუ გვინდა, რომ გვქონდეს სტაბილური ეკონომიკა, ჩვენ უნდა გვქონდეს ქვეყანაში მყარი ვალუტა. ექსპორტი გაზრდილია, იმპორტი შემცირებულია, გადმორიცხვები გაზრდილია. ყველა ნიშანი, რომ პირიქით, ლარი უნდა მყარდებოდეს. თუკი ეს ასე არ ხდება, ნიშნავს, რომ არის საშინაო ფაქტორები. ერთ-ერთი წინაპირობა ამის შეიძლება იყოს არჩევნები. ხალხს გაუჩნდა საიდანღაც თანხა, რომელიც უნდა ისევ, რომ არა ლარიზაციის მიმართულებით, არამედ მყარ ვალუტაში კონვერტაციისთვის გამოიყენოს,“ - განაცხადა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა და ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ლეჟავამ.

სპეციალისტები მთავრობის მიერ გამოცხადებულ დედოლარიზაციის გეგმასაც აკრიტიკებენ. ექსპერტები ამ პროგრამას არაეფექტურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის ლარის კურსის ვარდნას ვერ შეაჩერებს.  

„ნერვოზულობას აქვს ადგილი. არ იცის მიმართულება ხალხმა, საით წავა ლარი. შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ ზოგადად, პოლიტიკური ფონი ქვეყანაში საკმაოდ გაურკვეველია. არჩევნები ჩატარდა არც ისე კარგად, ისე არა, როგორც უნდა ჩატარებულიყო. შესაბამისად, ამ ყველაფერს წვლილი შეაქვს იმაში, რომ ბაზარზე მეტი ნერვიულობა იყოს,“ - განაცხადა ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა.

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარმა დოლართან მიმართებაში ვარდნის ანტირეკორდი მოხსნა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები